fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ით ინფიცირების 500 ახალი შემთხვევა დადასტურდა

67
Share Button

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 500 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჯამში, ოფიციალურად ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 2 337 შემთხვევაა გამოვლენილი. ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი, 387 შემთხვევა, მოსკოვშია. სანკტ-პეტერბურგში 48 ახალი შემთხვევაა, დაღესტანში კი 9.

რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები 85-დან 73 რეგიონშია გამოვლენილი. დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა, სულ გარდაცვლილია 17 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 121 პირი. 30 მარტიდან მოსკოვში საშინაო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა. 27 მარტიდან შეჩერდა საერთაშორისო ფრენები. მოსკოვში ყველა რესტორანი, ბარი, მაღაზია და პარკი დაიკეტა.

კლინიკაში სტუმრობისას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მოსკოვში COVID-19-ით, რეალურად, “მნიშვნელოვნად მეტი დაავადებული პირია.” მისი თქმით, მოსკოველებს, რომლებიც უცხოეთიდან ქვეყანაში დაბრუნდნენ, ტესტირება არ ჩატარებიათ.

10 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში რუსი აქტივისტი და ექიმი, ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. ის ხელისუფლებას ტყუილსა და კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი