fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

Zoom-ის დამფუძნებელი მომხმარებლებს ბოდიშს უხდის

240
Share Button

ვიდეო კონფერენციების აპლიკაციის Zoom-ის აღმასრულებელი დირექტორი ბოდიშს იხდის უსაფრთხოების კუთხით არსებული ჩავარდნის გამო და პირობას დებს, რომ არსებულ პრობლემებს გაუმკლავდებიან.

Zoom განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსის პანდემიის პირობებში გახდა, ვინაიდან თვით-იზოლაციაში მყოფი ადამიანები მას ონლაინ გაკვეთილების და შეხვედრების ჩასატარებლად იყენებენ. დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ იუანის თქმით, მას ვერ წარმოედგინა, რომ აპლიკაცია ოდესმე ასეთ პოპულარობას მოიპოვებდა.

“გასული წლის დეკემბრის ბოლოს ყოველ დღე ზარებში 10 მილიონამდე ადამიანი ერთვებოდა. მარტში 200 მილიონს გადავაჭარბეთ,” – თქვა მან.

იუანი ამბობს, რომ 24 საათიანი მუშაობის მიუხედავად, ვერ ახერხებენ პირადი ინფორმაციის და უსაფრთხოების დაცვას იმ დონეზე, რაც სასურველია: “ამისათვის, ბოდიშს ვიხდი. ჩვენ აპლიკაციის შექმნისას არ გვიფიქრია იმაზე, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში მას სამუშაოდ, სასწავლად და სოციალიზაციისთვის, მსოფლიოში ყველა ადამიანი გამოიყენებდა.” – წერს ის ბლოგში.

აპლიკაციის მიმართ საჩივარი მომხმარებლებმა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვეს. კრიტიკის საგანი გახდა ის, რომ აპლიკაცია მომხმარებლის მონაცემებს Facebook-ს უგზავნის. გარდა ამისა, მცდარი აღმოჩნდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აპლიკაცია ორმხრივ დაშიფრვას (end-to end encryption) ახორციელებს. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც Apple-ის Macbook-ის მფლობელების კამერებზე და მიკროფონებზე წვდომა აპლიკაციის მეშვეობით მოიპოვეს.

გარდა ამისა, გაჩნდა ახალი ფენომენი, რომელსაც zoombombing-ი უწოდეს. დაუპატიჟებელი პირები, რომლებიც ვიდეოკონფერენციის ლინკებს სოციალური მედიის პლატფორმებზე ან ვებგვერდებზე პოულობენ, ერთვებიან და კონფერენციის ჩაშლას ყვირილით, რასისტული გამონათქვამებით და პორნოგრაფიის გაზიარებით ცდილობენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ მთლიანად ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე გადაერთვებიან და დროებით, ახალი ფუნქციების დამატებას შეწყვეტენ. ისინი ასევე მოამზადებენ საინფორმაციო ვიდეოებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მომხმარებლებმა აპლიკაცია უსაფრთხოდ.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებიც იყენებენ, ვინაიდან მათი წევრების ნაწილი კორონავირუსის გამო თვით-იზოლაციაში არიან. კრიტიკა დაიმსახურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ტვიტმა. მან მთავრობის წევრების ვიდეოკონფერენციის ფოტო გაავრცელა, რომელშიც შეხვედრის ID ნომერი ჩანდა.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, SpaceX-ის შეხვედრებისთვის აპლიკაციის გამოყენება აკრძალა ილონ მასკმა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა ნასამაც.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი