მსოფლიოსაქართველოსიახლეები

Fox News: “გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის”

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის – ეს საქართველოა, – ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ჩვენ დროულად და უყოყმანოდ განვახორციელეთ მტკიცე და გადამწყვეტი ქმედებები. არა მხოლოდ დავიწყეთ ყველა ჩამომსვლელისთვის ტემპერატურის შემოწმება, არამედ 28 იანვარს ავკრძალეთ ფრენები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა, რამაც საერთაშორისო ფრენების სრულ აკრძალვამდე მიგვიყვანა. ჩვენ ასევე დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში და საჯარო შეკრებები შევზღუდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა, როდესაც აზერბაიჯანის საზღვარზე ირანიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეს ვირუსი დაუდგინდა. 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევა დაფიქსირდა, 27 გამოჯანმრთელდა და რომ გასაოცარი შედეგია ის, რომ არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

„შორს ვართ იმის თქმისაგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთეთ გავრცელების მრუდის გაბრტყელებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია სტაბილიზირებულია. არ შეგვიძლია გადაჭარბებულად მოქმედება ან არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ექსპერტებთან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს საქართველოში შეზღუდვების მოხსნა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ფატალური შემთხვევები აიცილა, თუმცა ეკონომიკას (რომელიც შეფასებულია, როგორც განვითარებადი თავისუფალი ბაზარი), დიდი დარტყმა მიადგა.

„რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეკონომიკური შედეგი ჰქონდა. ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, დავაწესეთ სოციალური დისტანცირების აუცილებლობა და დავხურეთ ყველა არაგადაუდებელი ბიზნესი,“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში : თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, ჯამში, დაინფიცირების 23 500 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 372 ადამიანი.

„საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროული, გადამწყვეტი მოქმედება და ჩვენს მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაციის დამყარებაა. ქვეყნის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ავკრძალეთ სოციალური ღონისძიებები, შეკრებები, დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში. ათასობით ჩვენი მოქალაქე საკარანტინო შენობებში გადავიყვანეთ და ღამის საათებში მოძრაობა სრულად ავკრძალეთ,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 28 პაციენტი. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ამ დრომდე არავინ დაღუპულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button