მოქალაქე პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს
მოქალაქე კომენდანტის საათის დროს პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“დამაგდეს ძირს, გამკოჭეს… დაახლოებით, ალბათ, ხუთნი იყვნენ. ბევრი მანქანა გამოიძახეს მერე და ასე ამწიეს და შემაგდეს მანქანაში. ვუთხარი, ზურგზე პრობლემები მაქვს და ამისთვის ვარ გამოსული [აფთიაქში], რას აკეთებ, არ გამისკდეს მეთქი ეს წანაზარდი. ერთ-ერთი ზუსტად იმ ადგილზე ახტა და დამახტა, მიდი და გაგისკდესო”, – ყვება კაცი “მთავარ არხთან” საუბრისას.
საქმის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს. ამ დროს ქუჩაში გამოსული მოქალაქე წესების დარღვევისთვის 3 000 ლარით ჯარიმდება.