კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები

პოლიციელებს 44 წლის მამაკაცის ცემა ბრალდებათ

მრავლობითი დაზიანებები თავის არეში – სავარაუდოდ, ივანიშვილის შესახებ კრიტიკული პოსტის გამო, ფოთში, 44 წლის მამაკაცი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. პოლიციის ფორმიანი პირები ფეისბუქპოსტის ავტორს საკუთარ სახლში თავს დასხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

სასწრაფოს ექიმი ამბობს, რომ დაზარალებულს უამრავი დაზიანება აქვს მიღებული.

პოსტი, რომლის გამოც მამაკაცი დაუნდობლად სცემეს, სოცალურ ქსელში აღარ იძებნება. ივანოვზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საქმეში სამართალდაცავები ჩაერთნენ, თუმცა დაზარალებულის ოჯახს საქმის გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან შურისძიების კვალი მმართველი გუნდისკენ მიდის.

თავად ვლადიმერ ივანოვი ამჟამად უარყოფს, რომ მასზე თავდასხმა ივანიშვილთან დაკავშრებული პოსტის გამო მოხდა და რომ თავდამსხმელები პოლიციელები იყვნენ. თუმცა, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახელმწიფო ინსპექტორის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის გამომძიებელი აცხადებს, რომ საქმეში ნამდვილად ფიგურირებენ პოლიციელები და საქმე აღძრულია ძალადობის მუხლით, შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ.

“მიიმდინარეობს საქმეზე გამოძიება. შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე”, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის გამომძიებელი ვლადიმერ ხურციძე.

ვლადიმერ ივანოვის ცემის ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. ივანოვის დედის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ვლადიმერ ივანოვს კარი მოტყუებით გააღებინეს და უთხრეს, რომ კორონავირუსზე უნდა შეემოწმებინათ. ორი მათგანი 44 წლის მამაკაცს სცემდა, მესამე კი, ვიდეოს იღებდა.

“ჩემი შვილი სასიკვდილოდ დადეს. თავში აქვს დაზიანებები. რომ მოვიდნენ, თქვეს, რომ თქვენი შვილი, კორონაზე უნდა შევამოწმოთო. გააღეს კარი და ცემა დაუწყეს. სიკვდილზე დადეს ჩემი შვილი”, – აცხადებს ივანოვის დედა.

მსგავსი პოსტები

Back to top button