
ესტონეთის პოლიციამ მემარჯვენე ტერორისტული დაჯგუფება FDK-ს ლიდერი დააკავა, რომელიც თინეიჯერი აღმოჩნდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, FDK ონლაინ ჯგუფი იყო, რომლის წევრებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მათი ლიდერი კი, ესტონეთში მცხოვრები 13 წლის ბიჭი იყო. ის ინტერნეტში შედიოდა ფსევდონიმით „მეთაური“ და ჯგუფის წევრებს ბომბების აწყობის ინსტრუქციებს უზიარებდა. ის ასევე ახალი წევრების მოძიებაზე იყო პასუხისმგებელი.
„მეთაურის“ ინიციატივებს შორისაა ლონდონში ტერაქტის მოწყობა და ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკების გახსნა. მისი ასაკიდან გამომდინარე, მოზარდს ესტონეთში ვერ გაასამართლებენ. ამიტომ, ქვეყნის ხელისუფლება “მეთაურის” დასასჯელად სხვა კანონიერ გზებს ეძებს.
ჯერ კიდევ თებერვალში FDK-მ დაშლის შესახებ განაცხადა, მაგრამ გამომძიებლებმა დაჯგუფების წევრების შიდა მიმოწერა აღმოაჩინეს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ისინი მოღვაწეობის გაგრძელებას ახალი სახელით აპირებენ.