უფასო ბზა, ერთი კოვზით ზიარება და ბუნდოვანი სააღდგომო რიტუალი
ფოთის საკათედრო ტაძარში, ზიარების პროცესი უცვლელად წარიმართა, მაზიარებლებმა წმინდა ნაწილები ერთი კოვზიდან მიიღეს. დასაფესვიანებლად გამზადებული ბზა კი, ერთჯერადი ჭიქებით გაიყიდა.
მრევლი სადღესასწაულო ლიტურგიას ტაძრის ეზოში, სპეციალურად მათთვის მონიშნულ ადგილზე ისმენდა და სოციალურ დისტანციას იცავდა.
ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მედიის კითხვებს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ უპასუხა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ეკლესია აღდგომისთვის ჩვეულებრივ ემზადება, თუმცა მორწმუნეთათვის ჯერ არ აქვს პასუხი, თუ რა პირობებში გაიმართება სააღდგომო მსახურება.
რაც შეეხება ვნების შვიდეულის ხანგრძლივ მსახურებებს, რომელიც 5 საათსა და მეტ ხანსაც გრძელდება, განსაკუთრებით 12 სახარება და გარდამოხსნა, როგორც მეუფე ანდრიამ განმარტა, ეს მსახურება უფრო ადრე დაიწყება და კომენდანტის საათის დაწყებამდე დასრულდება.
მეუფე ანდრიამ ასევე, ის თეოლოგები გააკრიტიკა, რომლებმაც მსოფლიო პატრიარქს წერილი მიწერეს. წერილში ისინი ამბობენ, რომ საქართველოს საპატრიარქო არღვევს უსაფრთხოების ზომებს, რადგან კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ეკლესიებში მსახურებას არ კრძალავს.
„ეს „თეოლოგები“ და რელიგიის ექსპერტები ჩემში ბადებენ ასოციაციას, იმ რჯულის მეცნიერებთან, მღვდელმთავრებისა და ებრაელთა ერისა, რომლებმაც ლაზარეს აღდგინების სასწაული იხილეს და თავისი გულის სიბოროტის გამო, გადაწყვიტეს ქრისტეს სიკვდილით დასჯა. იმ ადამიანებმა, ვისაც დიპლომში უწერიათ “თეოლოგი”, კარგად იციან, რა შინაარსისაა აღდგომა, გავლილი აქვთ წნინდა წერილის კურსები და ქრისტეს სიტყვები, „ვისაც ჩემი სწამს, სიკვდილი არ იხილოსო“, – ეს მათ ნასწავლი აქვთ. მაგრამ სამწუხაროდ, ამ სიტყვებს მათ გულზე და გონებაზე გავლენა არ მოუხდენია.
რაც შეეხება ბზას, იგი გორის საკათედრო ტაძარში არ იყიდება. ბზის თითო ტოტს მრევლს სტიქაროსნები უფასოდ ურიგებენ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მხოლოდ ერთ მოვაჭრეს ჰქონდა ბზის გაყიდვის მცდელობა, თუმცა გაფრთხილების შემდეგ ტერიტორია მანაც დატოვა.
მრევლი, როგორც ტაძარში, ასევე ეზოში მონიშნულ ადგილებზე დგას და რეგულაციებს იცავს.
ბზობასთან დაკავშირებით, დილიდან სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძარში.
მომლოცველებს საშუალება აქვთ, იყიდონ როგორც მონასტრის მიერ ქოთნებში გამზადებული ბზა, ასევე სახლიდან მიიტანონ, რომელსაც მსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირები აკურთხებენ.
მორწმუნები ტაძარში სპეციალურად მონიშნულ ადგილზე დგანან, მრევლს შორის დისტანციას კი, სტიქაროსნები არეგულირებენ. ასევე, მრევლს კორონავირუსისგან დამცავი ე.წ. ფარები უფასოდ დაურიგეს.