საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 104 ფაქტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ს ინფორმაციით, 73 მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა, 16 მოქალაქე – 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 2 მოქალაქე – თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, ხოლო 9 მოქალაქე – ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის. შსს-ს ცნობით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 4 ფიზიკური პირი.
„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით,“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.