საქართველოსიახლეები

“რეგულაცია კარგავს აზრს, თუ ის შერჩევით ხასიათს ატარებს”

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს ეხმაურებიან. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შერჩევით სამართალს ექნება ადგილი, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აზრს კარგავს.

„ნებისმიერი რეგულაცია კარგავს აზრს, თუ ის შერჩევით ხასიათს ატარებს და ამ რეგულაციის თუ კანონის წინაშე ყველა არ იქნება თანასწორი, ვისზეც ეს კანონი, რაიმე ტიპის რეგულაცია ვრცელდება“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

პროცესების მეტად გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს EMC-ს მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამების დირექტორი გურამ იმნაძე. მისი თქმით, საინტერესოა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მითითებები აქვთ სამართალდამცველებს, რადგან შესაძლოა, ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი.

„ყველა ეს შეზღუდვა და აკრძალვა შეიძლება აზრს მოკლებულიც იყოს, თუ ერთ კონკრეტულ ჯგუფზე რაღაც გამონაკლისი იქნება, რომელიც შემდეგში იქნება ძალიან დიდი რისკი, რომ დაავადება გავრცელდეს. რამდენიმე საკითხია ასევე მნიშვნელოვანი. დღემდე არ ვიცით სამართალდამცავებს რა ტიპის შიდა ინსტრუქციები აქვთ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში. გასაგებია, რომ ამ დროს მთლიანად იცვლება მოქალაქესა და პოლიციას შორის ურთიერთობა და დამოკიდებულებები. ამიტომ აუცილებელია, ამ ახალ სიტუაციაში პოლიციას ჰქონდეს ნათელი ინსტრუქციები ხელმძღვანელობისგან, თუ როგორ მოქმედებენ ისინი“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.

არასამთავრობოები პარლამენტსაც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში საკანონმდებლო ორგანო მეტად აქტიური უნდა იყოს.

საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 კვირით, 10 მაისამდე გაგრძელდება. სპეციალური დეკრეტით, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ამ საკითხზე პარლამენტში სხდომა სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოში ანტიკრიზისულ გეგმას არ წარადგენს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button