მსოფლიოსიახლეები

საპროტესტო აქციები კარანტინის მოხსნის მოთხოვნით

შაბათი ამერიკაში, ნიუ ჰემფშირიდან კალიფორნიამდე და ტეხასიდან ოჰაიომდე, კარანტინის და თვითიზოლაციის წინააღმდეგ პროტესტის დღედ იქცა.

ტეხასის დედაქალაქ ოსტინში ქუჩაში დაახლოებით 250 ადამიანი გამოვიდა. “მომეცით თავისუფლება ან მომკალით!“– ეწერა ერთ–ერთ ტრანსფარანტზე. შეკრებილებს შორის იყო ულტრამემარჯვენე გვერდის, Infowars-ის შემქმნელი ალექს ჯონსი, რომელიც 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო.

“ეკონომიკის დაზარალება რაღაცის გამო, რაც სტატისტიკურად არაფერს ნიშნავს, ბევრად მეტია, ვიდრე მაშინ იქნებოდა, ვირუსთან ჩვეულებრივი საშუალებებით რომ გვებრძოლა,“– ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ელენ დეი.

ნიუ ჰემფშირის დედაქალაქ კონკორდში კარანტინის წინააღმდეგ პროტესტში 400–მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლსში ქუჩაში დაახლოებით, 200 აქტივისტი გამოვიდა. წინა დღე-ღამეში აშშ–ში კოვიდ-19–სგან 1 891 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 38 660–ს გადააჭარბა.

მანიფესტანტებისთვის სტიმულად იქცა აშშ–ს პრეზიდენტის სიტყვები. შაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზოგიერთი გუბერნატორი “აკრძალვებში მეტისმეტად შორს წავიდა“:

“მე შევამჩნიე, რომ ზოგიერთ შტატში ძალიან ბევრი პროტესტია. ვფიქრობ, ზოგიერთი გუბერნატორი ძალიან გაერთო. იცით, ბევრ ადამიანს არ ჭირდება იმის თქმა, რა უნდა აკეთონ. ისინი ისედაც აკეთებენ და აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც ვთხოვდით.“

შაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკა–კანადის საზღვარი კიდევ 30 დღით იქნება ჩაკეტილი. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტვირთებისთვის. შესაბამისი შეთანხმება ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის შედგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button