მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გამოცხადებული ცენზურის ქრონიკა აჭარის ტელევიზიაში

პირდაპირი ეთერი აჭარის ტელევიზიის კიდევ ერთ ჟურნალისტს შეუზღუდეს. თეონა თურმანიძეს ახალი ხელმძღვანელობა Facebook-ზე დაწერილ პოსტს უწუნებს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის გამოხატვამ ტელევიზიის იმიჯი დააზიანა.

“მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს.
ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება. ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ. მერე ვნახოთ”, — დაწერა თეონა თურმანიძემ Facebook-ზე.

თეონა თურმანიძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებიდან, ვინც ახალი დირექტორის დანიშვნას აქტიურად აპროტესტებდა. ის მონაწილეობდა აქციებში და იყო განცხადებების ხელმომწერი.

მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, ახალმა დირექტორმა უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია.

2019 წლის 31 დეკემბერს მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ახალი ამბების პროდიუსერი ნათია შავაძე, “შრომის სამართლებრივი ურთიერთობის ვადის გასვლის გამო”,  ჩამოშორდა მაუწყებელს.

19 თებერვალს კი, თანამდებობა გაუუქმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. 28 თებერვალს გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.

4 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი აბაზაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე, ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს.

6 მარტს კი, დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს. დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანი საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე “ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა, აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია”.

13 მარტს ბაკურიძე დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზად შინაგანაწესის უხეში დარღვევა დასახელა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და აპირებს ამ თემაზე დავა გააგრძელოს.

23 მარტს გიორგი კოხრეიძემ გაურკვეველი ვადით შეაჩერა ანალიტიკური გადაცემა “ჰეშთეგი”. იმავდროულად, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, თეონა ხარაბაძე, ოპერატორის გარეშე, სამუშაოდ ქუთაისში გაუშვა და პრაქტიკულად, მთავარ თემებს ჩამოაშორა. თეონა ხარაბაძე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი იყო და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობდა. მის მიერ დასმული კითხვები კი, ხელისუფლებას ხშირად აღიზიანებდა.

13 აპრილს გიორგი კოხრეიძემ შეცვალა ონლაინ სამსახურის დებულება და მას ახალი ამბების გავრცელების ფუნქცია შეუწყვიტა, რითაც, ფაქტობრივად, კიდევ ერთი არასასურველი კადრი, სოფო ჟღენტი ჩამოაშორა სარედაქციო საქმიანობას.

სასამართლოში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების უფლებებს EMC დაიცავს. თეონა ბაკურიძე ამჟამად TV პირველის ჟურნალისტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button