“საქართველო, – წარმატებული მაგალითი”
ამერიკული გამოცემა Washington Times საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ წერს. მასალაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ვირუსს წარმატებით უმკლავდება და საქართველოში ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
გამოცემასთან კომენტარს აკეთებს საქართველოს ვიცე-პრემიერიც. პუბლიკაციაში მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ზომები დროულად მიიღო და მოსახლეობასთან ერთად შეძლო, ვირუსს მომზადებული დახვედროდა.
“როგორც ჩანს, მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატების მაგალითები, რომელთაგან ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, საქართველოა. რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარე საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3,75 მილიონს. იმ დროისთვის, როცა ეს სტატია გამოსაქვეყნებლად უკვე მზად იყო, საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსისგან მხოლოდ 5 გარდაცვალების შემთხვევა. დიახ, არ მოგეჩვენათ! 5!
“ის, რომ ქართველ ხალხს აქვს მოულოდნელ მოვლენებზე რეაგირების და მტკიცე პასუხის გაცემის უნარი, მხოლოდ ნაწილია მთლიანი სურათისა. ქალბატონი მაიას შეჯამებით, “საქართველოს ბევრი გაჭირვება აქვს გადატანილი, რის გამოც სირთულის ჟამს გადარჩენის და ადაპტაციის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, გვაერთიანებს და სიმტკიცეს გვმატებს“.
“ცქიტიშვილი ასევე აღნიშნავს კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეტანილ წვლილსაც. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან რადიოლოგიური, ბირთვული, ბიოლოგიური და სხვა სახის საფრთხეებისთვის მზადყოფნის ტრენინგების კუთხით.
“შეიძლება, ჯანდაცვის ფრონტზე საქართველომ მართლაც მიაღწია მეტ წარმატებას, ვიდრე ბევრმა სხვა სახელმწიფომ, მაგრამ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, აქ კვლავ დიდ სიფრთხილეს იჩენენ. ქალბატონმა მაიამ ახსენა 2 პრიორიტეტი: „ჩვენი მთავარი მიზანია ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენც ვცდილობთ ამ ორ პრიორიტეტს შორის ბალანსის დამყარებას,” – აღნიშნულია სტატიაში.