მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გირჩის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს, 3 პირი კი დააკავეს.

უწყების ცნობით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩის“ მიერ დღეს, 14:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე გაიმართა საპროტესტო აქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი, დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

“აქცია-სეირნობის” დროს, რომელიც “გირჩმა” დღეს იპოდრომზე გამართა, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებდა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობა ქვეყნაში 22 მაისამდე გახანგრძლივდა, არასწორია და შედეგზე ორიენტირებული არ არის.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეპიდემიის წინაღმდეგ ბრძოლა ქვეყანაში აკრძალვებით არ უნდა ხდებოდეს და საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება. მას აქვს ეჭვი, რომ ჯანდაცვის სექტორი არ არის სათანადოდ მომზადებული, არ აქვს შესაბამისი რესურსები და ამის გამო ხელისუფლება ცდილობს, მოქალაქეების სახლში დატოვებით, შედარებით უფრო მარტივად გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს.

„22 მაისისთვის არც ვირუსი გაქრება, არც წამალი არ იქნება მოფიქრებული, არც ვაქცინა იქნება მოფიქრებული და არც ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი არ გვექნება გამომუშავებული. ამ ყველაფრის შედეგად, ამ ქვეყანაში დღეს უკვე უამრავი ადამიანი სამუშაოს და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ჩვეულებრივი შიმშილის პრობლემა დგას ქვეყანაში და არავინ პასუხს არ იძლევა, როდის გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ამ წესების ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაღაც ბლოკპოსტების მოწყობით, ქუჩების მორეცხვით და ათასი სისულელით, რომ ვითომ ებრძვიან ვირუსს. სინამდვილეში ეს არ არის ვირუსთან ბრძოლა. იმის გამო, რომ აკრძალულია 3 კაცზე მეტის შეკრება, აკრძალულია პროტესტის გამოხატვა და აკრძალულია შეკრება-მანიფესტაცია. რომ არ დაგვერღვია ეს წესები, უბრალოდ ვსეირნობთ და ამით ვაპროტესტებთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იპოდრომზე 30-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას უერთდებიან და დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button