ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განცხადებით, ქვეყანა აპირებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის, დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.
„ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში WHO-ს დახმარება მრავალმხრივი თანამშრომლობის და გლობალური სოლიდარობის ნიშანია“, — წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ჰუა ჩინინგი „ტვიტერზე“.
„როიტერსის“ ცნობით, ჩინინგი აცხადებს, რომ ჩინეთის ახალი გადარიცხვა განკუთვნილია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და ეს არაა ჩინეთის მიერ WHO-ს დამატებითი დაფინანსების პირველი შემთხვევა. ჩინინგის თქმით, ჩინეთმა 11 მარტს ორგანიზაციას 20 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
აქამდე, 15 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ WHO-ს დაფინანსებას შეაჩერებდა.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ, ჩინეთთან ერთად, კორონავირუსის საფრთხის შესახებ ინფორმაცია დამალა. შესაბამისი განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, აშშ-ის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ერთ-ერთმა ლიდერმა ენტონი ფაუჩიმ და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ მსგავსი პრეტენზიები აქვს იაპონიასაც, სადაც თქვეს, რომ WHO-ს დაფინანსების საკითხი პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა გადაიხედოს.
ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, იმედი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გადახედავს.