მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის, შოიგუსა და სტალინის გამოსახულებები ეკლესიაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვლადიმირ პუტინის, იოსებ სტალინისა და რუსეთის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, სერგეი შოიგუს მოზაიკები განთვასდება. პანოს ამსახველი ფოტოები რუსულ მედიაში დილით გავრცელდა. მოგვიანებით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

საუბარია მოსკოვში, კუბინკის რაიონში მშენებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაშია. ერთ-ერთ პანოზე, ასევე, განთავსებული იქნება ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევის, დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინის და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვის გამოსახულებები.

კიდევ ერთ პანოზე განთავსდება 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმის გამოსახულებაც, რომელსაც იოსებ სტალინი იბარებს. ერთ-ერთ პანოზე იკითხება წარწერა “Крым наш” [ყირიმი ჩვენია].

საკითხის კომენტირებისას, რუსეთის საპატრიარქოს კულტურის საბჭოს წევრმა, ლეონიდ კალინინმა განაცხადა, რომ ეკლესიის კედლებზე ცალკე პანო “ყირიმის უსისხლო შემოერთებას” მიეძღვნება. ამ პანოზე გამოსახული იქნება ყველა ის პირი, რომელმაც პროცესში მონაწილეობა მიიღო.

რაც შეეხება სტალინის გამოსახულებას, კალინინი ამბობს, რომ საპატრიარქოს საბჭომ სსრკ-ს ყოფილი მმართველის გამოსახულების განთავსება ლოგიკურად მიიჩნია, რადგანაც ეს ისტორიულ სიმართლეს ასახავს. კალინინის თქმით, არავის აქვს უფლება, ისტორიული სიმართლიდან, საკუთარი შეხედულებით, “ფურცლები ამოხიოს.”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესია პარკ “პატრიოტში” მდებარეობს და მისი გახსნა 9 მაისს იგეგმება. შენობის სიმაღლე 95 მეტრია, რის მიხედვითაც, იგი ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button