fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი

157

“ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერების შეშფოთებას იწვევს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ გამოვლენილი ფაქტები, რაც უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას, თუ კრიმინალს უკავშირდება”, – წერია რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ შეფასების წინასწარ დოკუმენტში. ანგარიშს ევროკავშირის საბჭო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ვალდებულებების შესრულების საკითხზე ამზადებს. ორგანიზაციის წევრები, სანქციების სახით, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავენ.

სტატიის ავტორის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერების შეშფოთება საქართველოს ეხება. მისი თქმით, გერმანიისა და შვედეთის მთავრობა წუხს, რომ მათ ტერიტორიაზე ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ უვიზო რეჟიმის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა. ანგარიშის გამოქვეყნების მოლოდინში ევროპული წყაროები იხსენებენ თეა წულუკიანისა და ყოფილი პრემიერის განცხადებებსაც. მამუკა ბახტაძემ, მიუხედავად დასავლელი პარტნიორების საგანგაშო სიგნალისა, ერთი წლის წინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ალბათობას უსაფუძვლო უწოდა.

ჯერ კიდევ თებერვალში, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კრიტიკული თემების პარალელურად პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ევროპელი დეპუტატები დახურულ კარს მიღმა დღეს ამ საკითხზე საუბრობენ.

რიკარდ ჯოზვიაკი, რომელიც რადიო თავისუფლების კორესპონდენტია, გაეცნო ამ ანგარიშის წინასწარ ვარიანტს. ის ამბობს, რომ დოკუმენტი შვიდ გვერდიანია და სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებზეა მასში ყურადღება გამახვილებული.

რიკარდ ჯოზვიაკის განცხადებით, საჭიროა, რომ საქართველომ აუცილებლად გაითვალისწინოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რადგან ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მისამართით უკვე არაერთი გაფრთხილება იქნა გამოთქმული.

„დოკუმენტის პროექტში, რომელიც მე ვნახე, ნათქვამია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოთქვამს შეშფოთებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. არაა საუბარი კონკრეტულ ქვეყანაზე, მაგრამ, თუ გავიხსენებთ ისტორიას, წევრი ქვეყნების ნაწილი სწორედ საქართველოსთან მიმართებაში აკეთებდა ამგვარ განცხადებებს. ამ ეტაპზე საუბარი არ არის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე, მაგრამ ეს ერთგვარი გაფრთხილებაა, რომელიც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს. რაც შეეხება ევროპულ მისწრაფებას, ეს საკითხი ახლაც ღიად დარჩება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ არის კონსესუსი ამ თემებზე და რა თქმა უნდა, ეს კარგი გზავნილი არ არის არც უკრაინისთვის და არც საქართველოსთვის. თუ საქართველოს სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ წინ არაერთი დიპლომატიური ბრძოლა გელით. შიდა პრობლემების გამო, ევროკავშირი უფრო საკუთარ მოსახლეობაზე ორიენტირებული ხდება და ნაკლებად ღია მეზობლების მიმართ“, – განაცხადა რიკარდ ჯოზვიაკმა.

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებით არიან დაკავებულები, ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და ევროკავშირი კორონავირუსს ებრძვის, საქართველოს ხელისუფლება მაინც უნდა აქტიურობდეს, რათა ჩვენი ევროპული მისწრაფებები არ იყოს მივიწყებული.

„მომავლის ხედვას განაპირობებს ხოლმე ევროპული საბჭო. საფრთხე მართლაც არის იმის, რომ თაროზე შემოიდოს ჩვენი ფაილები და მეორე უფრო მყისიერი ამბავი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პრობლემა. ეკონომიკური პრობლემების გამყარება იწვევს მიგრაციას და საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყნებში გასვლის სტიმულს. შესაბამისად, ევროკავშირისთვის ეს ზრუნვის საგანია“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

ჟურნალისტი რიკარდ ჯოზვიაკი ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საფუძვლად დაედება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ მიღებულ კომუნიკეს. სამიტი ბრიუსელში ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი, თუმცა არსებული ვითარების გამო, არ არის გამორიცხული, რომ სამიტი შემოდგომაზე გადაიდოს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი