საბერძნეთის ხელისუფლება საკარანტინო ზომების გაუქმებისთვის ემზადება. ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.
კერძოდ, 4 მაისიდან მცირე ზომის მაღაზიები და სილამაზის სალონები გაიხსნება. 11 მაისიდან სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება, თუმცა, ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებებში არ დაბრუნდებიან დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 2 490 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 130 ადამიანი.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს ისრაელიც. კერძოდ, წუხელ, მთავრობის შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ შაბათიდან გარკვეული ბიზნესი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს. მათ შორის არის სილამაზის სალონები და რესტორნებისა და კაფეების მიტანის სერვისი.
ამასთან, ის კომპანიები, რომლებიც საქმიანობას დაუბრუნდებიან, ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ მომხმარებლებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლამდე, კომპანიების მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა სიცხის გაზომვა.
რაც შეეხება სილამაზის სალონებს, სტილისტებს მოუწევთ დამცავი ნიღბებით და თვალის დამცავი მოწყობილობებით მუშაობა. ერთ სალონში ერთდროულად მხოლოდ ორი ადამიანის მომსახურება იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, ისრაელში საერთო ჯამში კორონავირუსის 15 148 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ვირუსს 198 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.