სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენების ფასი
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვის 87 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიონ 579 ათასი ლარია.
ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე დიდი თანხა, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, “კურორტ საირმესთანაა” გაფორმებული. 210 ოთახის (კვებით და დეზინფექციით) ორი თვით დაქირავება სახელმწიფოს 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
ყველაზე დაბალი თანხა თბილისის სასტუმრო “იბიზ სთაილს თბილისისთვისაა” გადახდილი, რომელშიც სახელმწიფოს მხოლოდ დეზინფექციის თანხის, 3 004 ლარის ანაზღაურება მოუწია. 100 ოთახისა და სამჯერადი კვების მომსახურება სასტუმრომ უსასყიდლოდ გაიღო.
ანალოგიურად მოიქცა სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთიც”, სადაც 155 ოთახის და მოქალაქეების სამჯერადი კვებით მომსახურება უსასყიდლოდ გაიღო. სახელმწიფომ თანხა მხოლოდ დეზინფექციაში გადაიხადა, რაც ჯამში, 7 500 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება ცალკეული ოთახების ფასებს, ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ფასი, 140 ლარი, “კურორტი საირმისა” და გუდაურის “ალპინას” ხელშეკრულებებში ფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი – 23.60 ლარი, თბილისის “Holiday Inn”-ის ხელშეკრულებაში.
„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, ყველაზე მეტი, 345 ოთახი ბათუმის სასტუმრო “ეიფორიისგან” იქირავა, რაც 1 408 000 ლარი დაუჯდა. აღნიშნული სასტუმროს მესაკუთრეა სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი”, რომელიც სხვადასხვა დასახელების სასტუმროებს ფლობს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ჯამურად, ამ კომპანიამ 25 მარტის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის 5 ხელშეკრულება მიიღო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 მილიონ 363 ათას ლარს გადააჭარბა,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ქვემოთ, ცხრილში მოცემულია იმ სასტუმროების ჩამონათვალი, რომლთა დაქირავება სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სასტუმროსთან განმეორებითი ხელშეკრულებებია დადებული.
IDFI-ს ცნობით, აჭარის მუნიციპალიტეტმა სასტუმროებში საკარანტინო სივრცეების მოწყობისათვის, 4 მილიონ ლარამდე დახარჯა. აჭარის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ჯამური ფასი სასტუმრო “ველმონდში” დაფიქსირდა. ცალკეული ოთახის ყველაზე მაღალი ფასი, 80 ლარი კი, სასტუმრო “მარიას” ხელშეკრულებაში გვხვდება. 428 000 ლარია სასტუმრო “ინტურისტების” მომსახურების საფასური, რომელიც ასევე ზემოთ ნახსენებ სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს” ეკუთვნის.
ცნობისთვის, წინამდებარე დოკუმენტში ასახული მონაცემები მოიცავს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში COVID-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების ანალიზს.