მსოფლიოსიახლეები

სუდანში ქალთა გენიტალიების დასახიჩრება აიკრძალება

სუდანში ქალების გენიტალიების დასახიჩრება კანონის დონეზე აიკრძალება. ნებისმიერს, ვინც პროცედურის ჩატარებას ეცდება, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნული პრაქტიკა უკვე აკრძალული იყო სუდანის რამდენიმე შტატში, თუმცა ეროვნულ დონეზე ეს პირველი გადაწყვეტილებაა.

სუდანში ქალებისთვის გენიტალიების დასახიჩრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ამ ქვეყანაში 14-დან 49 წლამდე ქალების 87%-ს, მსოფლიოში კი, 200 მილიონზე მეტ ქალს გენიტალიების დასახიჩრების რაიმე ფორმის პროცედურა აქვს ჩატარებული.

აღნიშნულმა პროცედურებმა შესაძლოა, სხვადასხვა ინფექცია და ტკივილი გამოიწვიოს, რაც ფატალურადაც სრულდება. სუდანში სწამთ, რომ გოგოებისთვის ეს თითქოსდა ქორწინების სამომავლო პერსპექტივისთვისაა საჭირო, თუმცა ამას არავითარი სამედიცინო საფუძველი და გამართლება არ აქვს.

იმის გამო, რომ პრაქტიკა სუდანის კულტურაში ღრმადაა ჩამჯდარი, აქტივისტები ამბობენ, რომ მის საბოლოო აღმოფხვრას დიდი დრო დასჭირდება.

“იმდენი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს ჯერ დასაწყისია, კარგი დასაწყისი”. — ამბობს გაეროს ბავშვთა სააგენტოს წარმომადგენელი სუდანში ფატმა ნაიბი.

“ქალების ამ წამების სადარი პრაქტიკისგან დასაცავად, სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაუყოვნებლივაა საჭირო”. — აცხადებს ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Equality Now-ს აფრიკის რეგიონული დირექტორი ფაიზა მოჰამედი.

“FGM-ის, ანუ ქალების გენიტალების დასახიჩრების საწინააღმდეგო კანონის მიღება მნიშვნელოვანი შემაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. მიუხედავად ამისა, სუდანს არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაც მოუწევს, რათა მთავრობამ კანონის ამოქმედება უზრუნველყოს”. – ამბობს ფაიზა მოჰამედი.

გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ცოტა კანონი არსებობს ქალების უფლებების დასაცავად. მაგალითისთვის, ქმრის მიერ ცოლის გაუპატიურება და არასრულწლოვანზე ქორწინება დანაშაულად არ მიიჩნევა.

მოჰამედი ასევე იტყობინება, რომ გარკვეული სოციალური ჯგუფები კანონის წინაშე პასუხისგების თავიდან ასაცილებელი გზების პოვნას შეეცდებიან. ამავდროულად კი, ამ პრაქტიკის მხარდამჭერმა სახელმწიფო მოხელეებმა, შესაძლოა, ახალი კანონის შესრულება თავადვე არ უზრუნველყონ.

აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 29 ქვეყანაში ჩატარებული კვლევით, იუნისეფი აცხადებს, რომ ქალების გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ფართოდ გამოყენებადია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ეს კანონით აკრძალულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button