მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს

დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 17-მა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად, აქციას გამართა. სოლიდარობის გამოსახატავად, მაუწყებლებმა 19:00 საათზე ეთერი ერთი წუთით გათიშეს და ეკრანებზე გამოჩნდა წარწერა: “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”. 

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით განხორციელდა და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენება იყო.

მედიაკოალიციის წევრი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ სოლიდარობის აქციით გამოხატავენ არა მარტო მხარადჭერას აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, არამედ ეს ერთგვარი გზავნილია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში აღარ იყოს შიში და მიკერძოება.

ბოლო ერთი წელია აჭარის ტელევიზია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, ცვლილებები აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო. გიორგი კოხრეიძე ცდილობს, მაუწყებელს ჩამოაშოროს ყველა ის კადრი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი.

მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე, სამსახურადან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა;

ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. ასევე, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანს, თეონა თურმანიძეს, ფეისბუკზე გამოქვენებული სტატუსების გამო, ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის აქციაში მონაწილეობდნენ ტელეკომპანიები: ფორმულა, პალიტრა, მთავარი, კავკასია, ტვ პირველი, ტვ 25, ტოკ ტვ, გურია, მეცხრე ტალღა, აგროგარემო, მეცხრე არხი, მეგა ტვ, ოდიში ტვ, ბორჯომი ტვ, რიონი, მარნეული ტვ, თრიალეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button