მსოფლიოსიახლეები

ისრაელის პრემიერს სამთავრობო კოალიციის შექმნის უფლება მიეცა

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას არ უზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპონენტების აპელაციები და დაადგინა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ბენი განცთან ერთად სამთავრობო კოალიციის შექმნით, კანონი არ ირღვევა.

“არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ქნესეთის წევრს, ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების საშუალება არ მიეცეს.” – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი შეთანხმდნენ, რომ ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობა ფიცს 13 მაისს დადებს. 20 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და ისრაელის პარლამენტის სპიკერის, ბენი განცის პარტია „კახოლ-ლავანმა“ შეთანხმებას მიაღწიეს სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე. შეთანხმების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტს წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაიკავებს, რის შემდეგაც მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბენი განცი ჩაანაცვლებს. მანამდე კი, ბენი განცი ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს.

ბოლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „კახოლ-ლავანი (ლურჯი და თეთრი)“ კი, – 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად.

მსგავსი პოსტები

Back to top button