საქართველოსიახლეები

“ანას ბაღთან” აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ვარკეთილში, “ანას ბაღთან” მიმდინარე მშენებლობასთან, აქტივისტებმა, მშენებლობის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით, ფეხსაცმელები დააწყვეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განმარტებით, საგანგებო სიტუაციისას დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მათ შეკრების გზით მშენებლობის გაპროტესტების საშუალება არ ეძლევათ. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა მსგავსი ფორმით გაეპროტესტებინათ.

“ეს ფეხსაცმელები სიმბოლურად გამოხატავს იმ ადამიანებს, რომლებიც “ანას ბაღთან” ცხოვრობენ. ეს სიმბოლური და რეალური ადამიანები ითხოვენ ამ ეზოს დაბრუნებას, სადაც ანას ბაღი მდებარეობს”. – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფეისბუქში, გვერდის “ანას ბაღის გადასარჩენად” პირდაპირ ეთერში.

გუშინ, 7 მაისს “ანას ბაღთან” მიმდინარე მშენებლობა განახლდა. რამდენიმე კვირის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ “ანას ბაღის” აქტივისტების შუამდგომლობის საფუძველზე, აქტივისტებსა და მშენებელ კომპანიას შორის დავის დასრულებამდე, მშენებლობა შეაჩერა. თუმცა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა და ისევ საქალაქო სასამართლოს გაუგზავნა. “ანას ბაღის” აქტივისტების განმარტებით, ამით სააპელაციო სასამართლომ კომპანიას, შეჩერებული მშენებლობის აღდგენაზე, ფაქტობრივად, მწავნე შუქი აუნთო.

მსგავსი პოსტები

Back to top button