ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება გახდა 23 წლის ბ.კ.-ს გარდაცვალების მიზეზი ბოჭორიშვილის კლინიკაში. ახალგაზრდა მამაკაცი ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. ახლობლების თქმით, ტკიპამ სავარაუდოდ, საკუთარ ეზოში მაშინ უკბინა, როცა პირუტყვს მწერებისგან ასუფთავებდა.
„გვიან თქვა, რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს. სისხლი მოეწამლა, მთელმა სოფელმა გადაუსხა, მაგრამ ვერ გადარჩა. ექიმებმა თქვეს, დაგვიანებული იყოო. სანამ თბილისში წაიყვანდნენ, ახალქალაქის კლინიკაში იყო, ფილტვების ანთებაზე მკურნალობდნენ. 23 აპრილს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, 24-ში დილით გარდაიცვალა“. – ყვება ოჯახის ახლობელი.
ბოჭორიშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი მათთან უმძიმესი მდგომარეობით შეიყვანეს.
“როგორც ვიცი, ყირიმ-კონგო ლაბორატორიულად რეგიონშივე დაუდასტურდა, საიდანაც ქართულ-გერმანულ კლინიკაში გადაიყვანეს. აპარატზე მიერთებული, უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ჩვენთან, სადაც ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა”. – განაცხადეს კლინიკის პრესსამსახურში.
სამცხე-ჯავახეთში დაავადების კერად, ასპინძის მუნიციპალიტეტი ითვლება. ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, დაბაში, გასული წლის სექტემბერში, 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფექცია დაფიქსირდა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. შუა ხნის მამაკაცი თბილსში, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე მკურნალობს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. მისი ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ დაავადებულ მღრღნელს უნდა უკბინოს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ, – ადამიანს.
წყარო: “მეცხრე ახრი”