მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ველოდები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას”

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“. – ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამასთან, ჯიმ რიში აზიარებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად, საელჩომ გუშინ გაავრცელა.

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“. – ნათქვამია ფასილიტატორების განცხადებაში.

თუმცა, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების გუშინდელ განცხადებას რადიკალურად განსხვავებული შეფასება მისცა მმართველმა გუნდმა.

 

“ქართული ოცნება”: “შეთანხმება შეეხებოდა აბსოლუტურად სხვას”

 

“საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების განცხადება ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი მისი „კლასტერი“. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ელჩები განცხადებაში ადასტურებენ იმ შინაარსს, რაც დოკუმენტშია მითითებული და არა ინტერპრეტაციას, რომელიც ოპონენტების მხრიდან ისმოდა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გავრცელდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ელჩების განცხადება, სადაც ისინი ადასტურებენ იმ შინაარსს და სულისკვეთებას, რაც მითითებულია დოკუმენტში, რომელსაც ჩვენი მხრიდანაც მოეწერა ხელი და არა იმ ინტერპრეტირებას, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღისა და წინა პერიოდის განმავლობაში ისმოდა. ანუ, შინაარსსა და სულისკვეთებაზე არის პირდაპირი მითითება. ჩვენ ვამბობდით, რომ შეთანხმება შედგა იმაზე, რაც დოკუმენტის მეორე ნაწილში წერია და არა იმაზე, რასაც ყვებოდნენ და ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას ატყუებდნენ. ეს ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი მისი „კლასტერი“, მათი მხარე. შეთანხმება შეეხებოდა აბსოლუტურად სხვას, – მართლმსაჯულებაში არჩარევას და ამაზეა პირდაპირი მითითება დღეს ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც“. – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა და მოუწოდა, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ელჩების განმარტება ხელს შეუწყობდა ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

 

“ენმ”: “ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამხილეს სიცრუეში”

 

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების ცრუ რიტორიკაზე და ქვეყნისათვის სახიფათო პროცესების განვითარებაზე საუბრობენ.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ელჩებმა, ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილეს.

„ხელისუფლებამ იძულებული გახადა ელჩები, რომ გაეკეთებინათ პირდაპირი, არაორაზროვანი და არადიპლომატიური განცხადება. ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამხილეს სიცრუეში. განაცხადეს, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი და მოუწოდებენ, რომ შეასრულოს პირობები. ანუ, გამოუშვან „პოლიტპატიმრები“. ამაზე ნათლად და ამაზე არადიპლომატიური ენით რა უნდა თქვან ელჩებმა, პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? გამგებმა უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებენ, ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

„ევროპული საქართველო”: “[ივანიშვილი] სახიფათო გზაზე აყენებს ქვეყანას”

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ბიძინა ივანიშვილს გონი უნდა ეყოს, რომ ქვეყანა უფრო მეტად აღარ დააზიანოს და საკუთარი პოლიტიკური ბედი დიდი ხიფათის ქვეშ არ ჩააგდოს“.

„მართალია, ირმა ინაშვილმა თავისი თავდაპირველი განცხადება შეცვალა, რომელიც მაშინ გააკეთა, როცა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან როგორც მაშინ თქვა, პოლიტიკურ პატიმრებზე, მათი გაშვების მექანიზმსა და კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის ან მისი გარემოცვის თხოვნით გააკეთა. ბუნებრივია, საქართველოს, და არა რომელიმე ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გერმანია და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, თავიანთ პოზიციას არ შეცვლიან. ისედაც ყველამ იცის, რომ ეს შეთანხმება ორნაწილიანი იყო და ეხებოდა როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ტექსტიც დიპლომატიურ ენაზეა შედგენილი, რომელსაც ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ხელი ყველამ მოაწერა“. – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები უნდა დასრულდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

„ამიტომ, ივანიშვილმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს. ჯერ კიდევ დრო აქვს, ან საკუთარ საზოგადოებას მიაყენოს შეურაცხყოფა და საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორს სიგნალი გაუგზავნოს, როგორ სახიფათო გზაზე აყენებს ქვეყანას. ამით ქვეყანას დააზიანებს, ოღონდ თვითონ ვერ გადარჩება, ან ეს შეთანხმება შეასრულოს. ამჯერად გონი უნდა ეყოს, რომ ქვეყანა უფრო მეტად აღარ დააზიანოს და საკუთარი თავის პოლიტიკური ბედი დიდი ხიფათის ქვეშ არ ჩააგდოს, მერე შეეგუოს არჩევნებში მარცხს“. – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button