მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“18 ავიაკომპანია ფრენების აღსადგენად მზადაა”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, წინასწარი შეთანხმება ფრენების აღდგენის შესახებ, 18 კომპანიასთან უკვე მიღწეულია.

„რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენი დიპლომატიური არხებით სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები უსაფრთხო დერეფნის ამოქმედების პრინციპებზე, მაგრამ, რაც მთავარია, ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად, აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის”. – განაცხადა ნათია თურნავამ სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების გაიდლაინებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა სამედიცინო გაიდლაინის დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი ახალი რეალობის გათვალისწინებით გაიხსნას.

ამ ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ქვეყანა უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. გარდა ამისა, შეწყვეტილია ფრენები.

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button