რეგიონისაქართველოსიახლეები

“აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ, გამოძიება უნდა დაიწყოს”

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის ფეისბუქ პოსტის გამო გათავისუფლებას ეხმიანება და წერს, რომ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელ ფორმებს იღებს. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, ეს კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა.

“მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არამხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა”. — წერს EMC.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სტატუსი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილისწამება, რადგან მისი შინაარსი ავტორის მოსაზრებას წარმოადგენს და მასში არსებითად მცდარი ფაქტი მითითებული არაა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ბრალდება ცილისწამების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რადგან მაუწყებლისთვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.

“გიორგი კოხრეიძის [ქმედება] ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დევნის) შემადგენლობას. აშკარაა, რომ მაუწყებლის დირექტორი სამსახურიდან დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, ან თვითნებურად დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს”. — წერს EMC.

ორგანიზაციაა კოხრეიძეს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლის (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) დარღვევაზე ედავება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეხვიაშვილის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების საკითხი მის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეობას უკავშირდება.

მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დასაცავად, EMC სასამართლოში სარჩელს უახლოეს პერიოდში შეიტანს. ამას გარდა, ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი ფეისბუქის პოსტის გამო, 11 მაისს გაათავისუფლეს. საუბარი არის პოსტზე, რომელშიც მალხაზ რეხვიაშვილი მხარს უჭერს თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს, რომელიც, ასევე, ფეისბუქპოსტის გამო, ეთერიდან მოხსნეს.

ბრძანებაში, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის 21 აპრილის პოსტი ცილისწამებაა, იგი “მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და მაუწყებლის რეპუტაციას ზიანი მიაყენა”. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავისი საქციელით, რეხვიაშვილმა შრომითი ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესის პირობები დაარღვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button