მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“გოიმები” და “სვეტები” ქართულ პოლიტიკაში

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შალვა რამიშვილის POSTV-ში თქვა, რომ ისეთი “გოიმური” ოპოზიციური სპექტრი, როგორიც დღესაა, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.

”ზოგადად თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ იმ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის ოფისში, უკვე ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი სპექტრი, ბუნებრივია, განწირულია წარუმატებლობისთვის.

“არ მინდა, უხეში ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ ასეთი მარგინალური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი, – გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში.

“ბევრი რთული წელი გამოვიარეთ ამ 30 წლის მანძილზე, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი მე არ მახსენდება, ასეთი მწირი სპექტრი ინტელექტუალური თვალსაზრისით და ეკლექტური, რა თქმა უნდა ”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის აღნიშნული განცხადება მისმა თანაპარტიელმა, გია ვოლსკიმ შეაფასა. ვოლსკის თქმით, “გოიმურია” თუ “სვეტური” ოპოზიცია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები”.

„ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი ამბობს – „ნაცები შმაცები”, ისინიც ხანდახან იყენებენ გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია, რომ თქვენ გეკითხათ, თუ რატომ მოიხსენიებენ ისინი თავის ოპონენტებს აუგი სიტყვით, “გოიმურია” თუ “სვეტურია”, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები”. – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თვითონ ამ საკითხის დაყენებაა გოიმური.

„არ მგონია, რომ ასეთ საკითხებზე სერიოზული განცხადებები უნდა გაკეთდეს. რას ნიშნავს საკითხის ასე დაყენება? მე მგონი, თვითონ საკითხის დაყენება ძალიან გოიმურია”. – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button