“ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერ ქალზე!!!”
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ტრანსგენდერი ქალებისთვის დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ პოსტი მან საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მიღებული პროდუქტებით 27 ტრანსგენდერ ქალს დაეხმარებიან.
ნატა ფერაძე ამბობს, რომ ვერ დაასახელებს კონკრეტულად ეკლესიას და პირებს, ვინც დაუკავშირდნენ, რადგან მათ გასაჯაროება არ სურთ.
“ტრანსმა გოგოებმა საპასუხოდ, ჩვენი გამოყვანილი ვარდები გაუგზავნეს”. – წერს ფერაძე.
მისი ინფორმაციით, გამოგზავნილ დახმარებაში საკვები პროდუქტები და სიგარეტი შედის, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ყველაზე მეტად გაუხარდათ.
ნატა ფერაძის თქმით, დახმარებას 27 ტრანსგენდერს დღეს მიუტანენ. მან აღნიშნა, რომ ყველასთვის ცნობილი ეკლესიისადმი მისი ნეგატიური დამოკიდებულება, თუმცა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა თუ დაიწყო, მხოლოდ მადლობა და პოზიტივი ეთქმით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს ბასილ კობახიძე. მისი თქმით, ქველმოქმედმა მღვდლებმა საკუთარი ვინაობა პატრიარქის, სხვა მღვდლებისა და მრევლის შიშით დამალეს. კობახიძე სასულიერო პირებს გამბედაობისკენ მოუწდებს.
“ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ტრანსგენდერ ქალებს საკვებით დაეხმარა. კარგი ფაქტია, მაგრამ მღვდლებმა ვინაობა და თუ რომელი ტაძარია დამალეს. არ მოტყუვდეთ რომ თავმდაბლობის გამო ან მარცხენამ არ იცოდეს მარჯვენა რას აკეთებს. დამალეს შიშის გამო. ეშინიათ პატრიარქის, სხვა მღვდლების და საკუთარი მრევლისაც. მღვდელს აღსარების საიდუმლოს გარდა დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეს. მღვდლობის რაობა არ ესმით. ეს სტატუსი და შემოსავალი არაა. როდესაც სიკეთის კეთება საჯაროდ საშიშია, მღვდლის მოვალეობაა რომ დარტყმა მიიღოს საკუთარ თავზე. ეს გმირობის მოთხოვნა არაა. ისევე როგორც ეპიდემიის დროს ინფექციონისტი ექიმის მოვალეობაა ინფიცირებულს უმკურნალოს ან ომის დროს ჯარისკაცის სამშობლო დაიცვას.” – აცხადებს ბასილ კობახიძე.