მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველოს რუკის შეცვლა დაისჯება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი მასალის დამზადება, რეკლამირება, გამოყენება, გადაზიდვა და ა.შ. დასჯადი ქმედება ხდება. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3431ꞌ მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული ქმედებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირები, – 300 ლარის ოდენობით.

„უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა შემთხვეები, როდესაც სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირი საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად ეწევა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო პროპაგანდას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ხშირია ბეჭდური რუკის ან სხვა საგნების გავრცელების შემთხვევები, რომელზედაც საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გარეშეა გამოსახული. აღნიშნულის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში მიზანმიმართულად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოსდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენს და არა საქართველოს განუყოფელ ნაწილს“. – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button