fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მეცხვარეების პროტესტი კახეთში

122
Share Button

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მოსახლეობის ნაწილმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართა. თუში მეცხვარეების თქმით, კომპანია, რომელიც გზის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და ამ დრომდე, მთასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, ზვავისა და მეწყრისგან გასაწმენდია.

მათი თქმით, თითქმის 20 დღეა, რაც გზაზე ზვავი ჩამოწვა და მოსაწესრიგებელი სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია, გზა ჩაკეტილია და მთაში ცხვრის გადარეკვას ვერ ახერხებენ.

სოფელში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა კონტრაქტორი კომპანია შპს “ენერჯი გრუპის” დირექტორი. გიორგი წიკლაურის თქმით, სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ზვავსაშიშროების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეწყდა. თუმცა, მისივე თქმით, მძიმე ტექნიკა ადგილზეა და მზად არიან სამუშაოები ორშაბათიდან განაახლონ.

“ჩვენ ინტენსიურად ვწმენდდით გზას და გეგმას ვუსწრებდით, მაგრამ 5 მაისს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი თანამშრომელი და დაზიანდა ტექნიკა. ადგილზე სპეციალისტების ჯგუფმა ვითარება შეისწავლა. იყო ზვავსაშიშროება და უბედური შემთხვევის დიდი რისკი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები მანამდე შეწყვეტილიყო, სანამ უსაფრთხო გარემო არ შეიქმნებოდა. მალევე ავიყვანეთ ოთხი ერთეული ტექნიკა, რომელიც სრულ წესრიგშია და გზის გაწმენდას ორშაბათიდან განვაახლებთ”, – ამბობს გიორგი წიკლაური.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ვარაუდობენ, რომ თუშეთის გზა 5 ივნისიდან გაიხსნება.

თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, 6 თვის განმავლობაში ყოველთვის იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი