მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისის მერს ფიზიკური ძალადობა ბრალდება

ამ დრომდე უცნობია რა რეაგირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან “შეცვალეს” სარჩელს. მოძრაობის წევრები დედაქალაქის მერს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ.

საქმე ეხება ვარკეთილში გუშინ მომხდარ ჩხუბს, რა დროსაც, სამოქალაქო აქტივისტები და თბილისის მერიის მაღალჩინოსნები, მათ შორის თბილისის მერი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც მისი თქმით, კალაძემ მაისური შემოახია, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

“არ მომისმინა, არ ვიცი რაზეა გაღიზიანებული, აგონიაში არიან ალბათ… მწვდა მაისურზე, მომქაჩა და არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც მაკადრა. კალაძის “ცუციკები” არ მაინტერესებს, მერია და მერს ჰყავს თავისი ბანდა, დაჯგუფება.” – ამბობს კახა კვეკვესკირი.

“შეცვალეს” წევრებს იმედი არ აქვთ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყება, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “საქმეს თაროდან გადმოიღებენ” და დედაქალაქის მერი პასუხისგებაში მიეცემა.

მოისმინეთ “შეცვალეს” წევრების, კახა კვეკვესკირის და დიმიტრი ბიძინაშვილის ხმები.

“სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური.” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე იმ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია.

კალაძის თქმით, რამდენიმე პირს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რაც მათ არ გამოუვიდათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი – ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს, – მაგ პიროვნებას.” – განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ.

მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button