მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

არჩევნებზე “ქართული ოცნების” სახე ეკა ბერიძე იქნება

შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად საქართველოს წყლის კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე იქნება.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი.

მმართველი პარტია ეკა ბერიძის პერსონალური პიარის დეტალებს უკვე განიხილავს და პარტიის სამდივნო მისთვის მისანიჭებელ ნუმერაციაზეც ფიქრობს.

თავად ეკა ბერიძე “ექსპრესნიუსთან” ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.  აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, 2012 წელს ოპოზიციაში ყოფნის დროს, ეკა ბერიძის საავტორო გადაცემებს ხშირად სტუმრობდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კახა ბექაურის ქონების დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელიც ეკა ბერიძის მეუღლეა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ირკვევა, რომ კახა ბექაურის და მისი მეუღლის საკუთრებაშია 6 ბინა თბილისში და თითო-თითო ბათუმში, ბაკურიანსა და დუშეთში. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ჯამში, ამ უძრავი ქონების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

107 ათას ლარად ნაყიდი 100 კვადრატული მეტრი ბინა ლისზე, სარდაფით, ეკა ბერიძის სახელზეა. ეკატერინე ბერიძის სახელზეა ასევე, კიდევ ორი ბინა სოლოლაკში, ერთი 70 ათას დოლარად, მეორე კი, 99 ათას დოლარად შეძენილი. ორივე შენაძენი ახალია და წლევანდელ დეკლარაციაში გაჩნდა. კახა ბექაურს ეკუთვნის 180 კვადრატული მეტრი ბინა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, თაბუკაშვილის ქუჩაზე. 2018 წელს ბექაურმა მასში 174 000 დოლარი გადაიხადა.

კახა ბექაურის და მისი მეუღლის წლიური ანაზღაურება, ჯამში, ნახევარი მილიონი ლარია. ეკატერინე ბერიძე საქართველოს წყლის კომპანიაში კომუნიკაციების დირექტორია და მისი წლიური სახელფასო ანაზღაურება დაახლოებით, 300 ათასი ლარია. ასევე, ოჯახს აქვს ბიზნესიც. კახა ბექაური სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის” 33%-იანი წილის მფლობელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button