მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ემზარ კვიციანმა “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

ემზარ კვიციანი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს. ამის შესახებ დეპუტატმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. ამბობს, რომ ის განაწყენებული არაა და გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ არ სურს, ძვირფას ადამიანებს ზიანი მიაყენოს.

ცნობილია, რომ კვიციანი მიდის როგორც პარტიიდან, ისე საპარლამენტო ფრაქციიდან.

“ჩემო ძვირფასო პატრიოტებო! გადავწყვიტე, დავტოვო პატრიოტთა ალიანსი! ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ, არ მინდა, ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს, პატრიოტთა ალიანსის წევრებს! ოთხი თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა, დავიხარჯო! არ მინდა, ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა, ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება, ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა, თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!!!” – წერს კვიციანი.

“ემზარ, ჩვენი ძმა ხარ!” – ასე დაემშვიდობა უკვე ყოფილ თანაპარტიელს “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი. იგი კვიციანის “ფეისბუქ”-პოსტს პარტიის დატოვების შესახებ, კომენტარშივე გამოეხმაურა, მან კვიციანს გამარჯვება უსურვა და დაწერა, რომ კვიციანი გუნდის უახლოესი მეგობარია.

“ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება. სულ ვიტყვი: შენ და შენი ოჯახი უნარჩუნებდით კოდორს საქართველოს. ბევრი ტკივილი გაიარე, საქართველოს გამო. არც ახლაა მსუბუქი დრო, ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები. ღმერთმა გამარჯვება მოგცეს შენ! ღმერთმა გამარჯვება მისცეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტე არს ჩვენს შორის!” – წერს ინაშვილი.

ემზარ კვიციანი “პატრიოტთა ალიანსის” წევრი 2015 წლიდან იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, დეპუტატიც გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button