ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 4 000 კვ.მ.-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.
„ამ დროისათვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით, 4 000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩება კიდევ სამი სახანძრო მანქანა. მთელი ღამის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს.” – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ოთარ კერესელიძის თქმით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
„პირველადი დათვალიერებით ჯერ ვერ მოგახსენებთ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ხანძარი, სავარაუდოდ, გაჩნდა შუა ნაწილში. გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა აალებადი ნივთიერებები, მოგეხსენებათ, გვერდით არის ბენზინგასამართი სადგური და ასევე, გვქონდა ინფორმაცია, რომ ინახებოდა ფოიერვერკები. ხანძრის რამდენიმე კერა იყო.” – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ორი პირი დაშავდა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება. ამის შესახებ ელოშვილმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ზარალის დათვლა დილიდან მოხდება.
„რაც მთავარია, მსხვერპლი არ იყო, რაც დიდი ბედნიერებაა. მაშველებმა და მეხანძრეებმა იმუშავეს ძალიან მაგრად. დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანი, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება. რაც მთავარია, ლოკალიზება მოხდა ეფექტურად.” – განაცხადა ელოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/263595814851023/