fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პატიმრობა, არასრულწლოვანი გოგოს დამუქრებისთვის

77
Share Button

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სრულწლოვან პირს პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა 18 ივნისს გვიან გაიმართა და ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 ივნისს მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, როგორც შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული გოგონა არასრულწლოვანი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების, „ფეისბუკის“ და „Instargram“-ის მეშვეობით, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა გოგონასთან კომუნიკაციის დამყარებას. პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. დაზარალებულს საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც, გოგონას შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით, საცხოვრებელ ბინაში დაბრუნდა. ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, არასრულწლოვანმა ბრალდებულისგან, „ფეისბუკის“ მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

2020 წლის 17 ივნისს არასრულწლოვანი გოგონა დაზარალებულად ცნეს.

პროკურატურის განცხადებით, რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.

ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ მუქარისა და ადევნების ფაქტზე მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც 18 ივნისს, არასრულწლოვნის მამამ „ფეისბუკზე“ ბრალდებულის მოქმედების შესახებ დაწერა. როგორც მამა ამბობს, მან 6 ივნისს შეიტყო, რომ მის შვილს აწუხებდა სრულწლოვანი, რომელსაც ის ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუკი ცოლად არ გაჰყვებოდა.

როგორც მამა სოციალურ ქსელში წერს, ის იძულებული გახდა, ინფორმაცია გაესაჯაროებინა, რადგან საგამოძიებო პროცედურები, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, გაიწელა.

პროკურატურამ სასამართლოს, ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით, სწორედ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მიმართა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი