“3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი, 800-მდე რეზინის ტყვია”
“20 ივნისის აქციის დაშლისას დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი.
“შსს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია.” – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ომბუდსმენის შეფასებით, 20-21 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებამდე არ მოხდა აქციის მონაწილეების გაფრთხილება, კანონის შესაბამისად.
„შეკრების შეწყვეტის ღონისძიებების დაწყებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე და შესაბამისად, სამართალდამცავებს მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუციათ კანონიერი მოთხოვნის შესრულებისა და შეკრების ადგილის დატოვებისთვის.
“რაც შეეხება შეკრების შეწყვეტამდე მონაწილეთა გაფრთხილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით, აგრეთვე მედია საშუალებებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ მოწოდებებს, მსგავსი ღონისძიებები არ უზრუნველყოფს შეკრების მონაწილეთა სრულფასოვან ინფორმირებას და არ აკმაყოფილებს ძალის გამოყენებამდე მათი სათანადო გაფრთხილების სტანდარტს.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.