“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის ოჯახის ბიზნესი ბათუმში
შპს „სმარტ ჰაუსი“ ბათუმის ცენტრალურ უბანში, ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაში მრავალბინიან სახლს აშენებს. კომპანიის 70 პროცენტის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გიორგი მანველიძის ოჯახია. ოფიციალურად, სამშენებლო კომპანიას დეპუტატის ძმის – ბექა მანველიძის ცოლი, ლანა აბალოიძე ფლობს. გიორგი მანველიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მას ძმამ 35 000 ლარი აჩუქა.
ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე ახალი პროექტის დასაწყებად, კომპანიამ რამდენიმე კერძო სახლი დაანგრია და ახალი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამ დროისთვის, საძირკვლის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია. ის იმითაცაა გამორჩეული, რომ სამ მხარეს ღიობები აქვს, რაც კომპანიას აქ ბინების სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს. საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, როცა ჯერ კიდევ შენობის საძირკველი არ არის დასრულებული, კვადრატული მეტრის ფასი 600 დოლარია.
მერიის ინფორმაციით, კომპანიას 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე აქვს ნებართვა, თუმცა 16 სართულის აშენებას გეგმავს, ყოველ შემთხვევაში, კომპანიას ასეთი ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და ამდენივე სართული ჩანს პროექტის რენდერზეც.
კომპანიისვე ინფორმაციით, პროექტი მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში “ბათუმი ბარაკების გარეშე”. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერს, რომელიც ბათუმში ბარაკული დასახლების ათვისებით დაინტერესდება, მთავრობა ბანკში ფინანსურ თავდებობას, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტების მოპოვებისას კი, გამარტივებულ პირობებს ჰპირდება. ეს პირობები ე.წ. K2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითვალისწინებს, რაც პროექტის სიმაღლეში გაზრდას გულისხმობს.
ბათუმის ცენტრში, თუნდაც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი 600-1000 დოლარია. ქალაქის ცენტრში, თუნდაც მოსახლეობასთან მოლაპარაკება და მაღლივი კორპუსების მშენებლობა, სამთავრობო პროგრამის დაწყებამდეც, ბევრ კომპანიას აინტერესებდა. ამიტომაც საინტერესოა, რატომ ჩადგა მთავრობა ინვესტორსა და მოქალაქეებს შორის მაშინ, როცა ბათუმის ცენტრალური ადგილების ათვისებაზე ინვესტორები ისედაც ერთმანეთს ეცილებოდნენ? მაშინ “ბათუმელებს” უპასუხეს, რომ „მთავრობა კერძო პირებს შორის მოლაპარაკებებში არ ჩაერეოდა.“ წლების შემდეგ კი, ცნობილი გახდა ბევრი შემთხვევა, როცა ქალაქში მშენებლობების მიმართ ინტერესი ჩინოვნიკების ახლობლებს ჰქონდათ და ახლაც აქვთ. თანამდებობიდან წასული ჩინოვნიკების უმეტესობა კი, ახლა მშენებელია ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.
შპს „სმარტ ჰაუსის“ 70 პროცენტის მფლობელი ლანა აბალოიძე სამშენებლო ბიზნესში ერთი წლის წინ გამოჩნდა. შპს „სმარტ ჰაუსზე“ მშენებლობის ნებართვა გასული წლის სექტემბერშია გაცემული. ამავე ნებართვის მიხედვით, სახლი მერიას 2022 წელს უნდა ჩაბარდეს.
საინტერესოა, სამშენებლო ბიზნესში გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ, რა სახსრებით შეძლო ლანა აბალოიძემ მასშტაბური მშენებლობის წამოწყება, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ასევე, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და არც სმს შეტყობინებას გამოეხმაურა დეპუტატი გიორგი მანველიძე.
მანველიძეების ოჯახის სამშენებლო ბიზნესზე მაშინაც იყო საუბარი, როცა დეპუტატ გიორგი მანველიძის მამა, ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერად მუშაობდა, თუმცა ვიცე-მერი ბათუმის ცენტრში ჯინჭარაძის ქუჩაზე წამოწყებული კორპუსის მშენებლობასთან კავშირს მაშინაც უარყოფდა. მაშინ მან განაცხადა, რომ აქ მამისეულ ადგილს ფლობდა, ტერიტორია კი, ინვესტორმა აითვისა და თავად არაფერ შუაშია.
ბაგრატ მანველიძე საჯარო სექტორში აღარ მუშაობს. უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე კი, ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნეს.