მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სუსტი ზედამხედველობისთვის გაწეული ხარჯები ზუგდიდში

თვეში 700 ლიტრი საწვავი საკრებულოს თავმჯდომარისთვის

 

“ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდული საწვავით, მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირები სარგებლობენ.” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში, რომელშიც ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობაა შეფასებული 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე თვეში საშუალოდ, 700 ლიტრ საწვავს ხარჯავს, მოადგილეები 250-300 ლიტრ საწვავს, კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეები კი, საშუალოდ, 150 ლიტრს.

არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ საანგარიშო პერიოდში 16,5 ტონა (16,531 ლიტრი) საწვავი გახარჯა, ჯამური ღირებულებით, – 36 606 ლარი, რაც მთლიანად საკრებულოს მიერ ამავე პერიოდში გახარჯული საწვავის 18%-ს შეადგენს.

ზუგდიდის საკრებულომ სულ 89,8 ტონა საწვავი გამოიყენა, რომლის ღირებულებაც 193 777 ლარია.

ამავე ანგარიშით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე სამი ავტომობილი ირიცხება. მათგან ერთი, 2007 წელს გამოშვებული ტოიოტა კოროლა გაუმართავია.

2011 წელს გამოშვებული ფოლქსვაგენ ამაროკით სარგებლობს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მის შესაძენად, 2012 წელს 58 ათასი ლარია გადახდილი.

2012 წელს გამოშვებული ტოიოტა ქამრი ემსახურება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას. ავტომანქანა ამავე წელსაა შეძენილი 44 ათას 500 ლარად.

საანგარიშო პერიოდში, ზუგდიდის საკრებულოს ბალანსზე, დამატებით, სამი ავტომანქანა ირიცხებოდა. სამივე საკრებულომ გადასცა ზუგდიდის მერიას.

საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების შეკეთებისა და საბურავების შეცვლისათვის, ჯამში, 33 866 ლარი დაიხარჯა.

 

ორ მილიონ ლარამდე ხელფასი და პრემია ორ წელიწადში 

 

2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 1 952 557 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ფულადი ჯილდო გაიცა მხოლოდ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, ჯამური მოცულობით, 26 700 ლარი.

საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურება:

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია – 67 764 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია – 61 371 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია – 61 371 ლარი, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია – 51 143 ლარი, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია – 51 143 ლარი, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია – 52 286 ლარი, ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა – 51 143 ლარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარია – 51 143 ლარი.

საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურება:

თამუნა ჯიქია – 51 143 ლარი, ზაზა პროკოპენკო – 29 950 ლარი, ირუზა კაკავა – 30 000 ლარი, ანა წითლიძე – 51 142, დავით შელია – 28 750, დაზმირ ძიმცეიშვილი – 49 810, კონსტანტინე კაკავა ( ფრაქციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე – 22 500, გიორგი თოდუა – 7 500 ლარი, მიხეილ ჯობავა – 48,000, ედიტა კოდუა – 30 000, ჯონი ჯიქია – 46 000, ამირან ჩხოლარია – 28 750, ბათლომე შელია – 43 429 ლარი, გელა თოლორაია – 27 143.

ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზადა.

 

საკრებულო მერიაზე სუსტ ზედამხედველობას ახდენს

 

„საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ზუგდიდის საკრებულო მერიასა და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა; საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, ფორმალური იყო.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულოში, სხვადასხვა საკითხების შესწავლის მიზნით, ხუთი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნა დასახული მიზანი სრულად მიღწეული, სამ შემთხვევაში კი, – მხოლოდ ნაწილობრივ.

მუნიციპალური სიმბოლოების დადგენის მიზნით, დროებითი სამუშაო ჯგუფი 2018 წლის თებერვალში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ზუგდიდის დროშისა და გერბის ესკიზი, რომელიც ზუგდიდის საკრებულომ 2018 წლის ივლისში დაამტკიცა.

პარკირების საკითხის მოწესრიგება

ზუგდიდის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირების სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებულოში 2018 წლის ივლისში შეიქმნა. პარკირების ოპერირების პროცესში (რომელიც 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა და სს “თაუნ პარკი” ახორციელებდა) არაერთი ხარვეზი გამოვლინდა, როგორც სამართლებრივი, ასევე კორუფციის რისკების კუთხით, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული კვლევითაც დაადასტურა.

სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა არსებული პრობლემები, შეიმუშავა პარკირების ახალი წესიც, რომელიც 2018 წლის დეკემბერში მიიღო ზუგდიდის საკრებულომ. თუმცა, მიღებული წესები ვერ აღასრულა პარკირების ოპერატორმა კომპანიამ და მასთან მერიამ კონტრაქტი 2019 წლის იანვარში გაწყვიტა, ახალი ოპერატორი კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დღემდე ვერ შეარჩია. შესაბამისად, პარკირების სფეროში, ერთის მხრივ, მოწესრიგებულია სამართლებრივი რეგულაციები, თუმცა უშუალოდ სერვისი მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება.

გარევაჭრობის საკითხზე მომუშავე ჯგუფი

ზუგდიდის საკრებულომ 2018 წლის აგვისტოში შექმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი ზუგდიდის ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგების მიზნით. სამუშაო ჯგუფმა არაერთი შეხვედრა გამართა და საკრებულომ მიიღო შესაბამისი წესიც, თუმცა გარე ვაჭრობის სფეროში არსებული პრობლემები დღემდე არ გადაჭრილა.

მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფი

ზუგდიდის საკრებულოში 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც მიზნად ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში რეორგანიზაციის შედეგად ბიუროკრატიის შემცირებას, საბიუჯეტო თანხების გონივრული ხარჯვის უზრუნველყოფასა და მათი მუშაობის ხარისხის გაზრდას ისახავდა. კომისიამ მერიას მიაწოდა შესაბამისი რეკომენდაციებიც, თუმცა რეორგანიზაციის პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

ქალაქ ზუგდიდის იერსახის მოწესრიგებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი

ზუგდიდის საკრებულომ 2019 წლის დეკემბერში შექმნა დროებით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიზნად ქალაქ ზუგდიდის იერსახის მოწესრიგებას, ასევე ქუჩების სამისამართო აბრების ფორმის შერჩევას ისახავს. ჯგუფს მუშაობა ჯერ არ დაუმთავრებია.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, კორუფციული გარიგებების პრევენციის მიზნით, უმჯობესია, თუ აუდიტის სამსახური დაქვემდებარება საკრებულოს და არა მერიას. ამ ინიციატივის დაკანონებას საკრებულოს წევრები აქტიურად განიხილავენ.

„ფორმალურ ხასიათს ჩვენ ვერ გავექცევით, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ხშირ შემთხვევაში და უმეტესად, ეს არის ფორმალური სახის და კონკრეტული ქეისების განხილვის დროს, რაც შეეხება კორუფციის ნიშნების გამოვლენის დროს, რასაც სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაყენება მოჰყვა თანამდებობის პირების, საკრებულო ნამდვილად არ არის საგამოძიებო ორგანო.

“მოგეხსენებათ, რომ საკრებულოს, ან აპარატის წევრს არ აქვს შესყიდვების კომისიებში ყოფნის უფლება. ვფიქრობთ, რომ ყველაზე ოპტიმალური იქნება, კორუფციული რისკების შემცირების და ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის, საკრებულოს მიერ ზედამხედველობის გაძლიერების აუდიტის სამსახურის ყოფნა საკრებულოს და არა მერიის დაქვემდებარებაში. რაზეც საკრებულოს წევრებს შორის ნოყიერი კონსულტაცია მიმდინარეობს, და არ არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო დონეზე დავაყენოთ ეს მოთხოვნა.

“ასევე საკრებულო და მერია მუშაობს ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებაზე, რომლის პრეზენტაცია მალე გვექნება.” – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button