მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“მასობრივი გაყრები, უფლებებში შეზღუდვები თანამშრომლების”

დღეს პარლამენტში განცხადებები აჭარის მაუწყებელთან დაკავშირებითაც გაკეთდა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას სურვილი აქვს, “აჭარის ტელევიზიაში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმში შეხვედრები გამართოს. იგი შუამდგომლობაში ჩართულობას სთხოვს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. დეპუტატის განცხადებით, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია, რადგან მიმდინარეობს თანამშრომლების უსაფუძვლო, მასობრივი გათავისუფლება.

საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით გაბაიძის განცხადებით  უმაღლეს საბჭოს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში ჩარევის სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს. მისივე თქმით, თანამშრომელთა გათავისუფლება   დირექციისა და თანამშრომლების ურთიერთობის საკითხია. გაბაიძე საკითხზე საუბრისთვის მზად არის, თუმცა ამბობს, რომ ამას შეიძლება მხოლოდ კონსულტაციის ფორმა ჰქონდეს.

პარლამენტში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტმა განცხადება გააკეთა. საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ემზარ პაქსაძის თქმით, “უხეში დისციპლინარული გადაცდომის გამო, 360 თანამშრომლიდან გათავისუფლებული არის მხოლოდდამხოლოდ 3 თანამრომელი”.

მოისმინეთ ლევან გოგიჩაიშვილის, დავით გაბაიძის და ემზარ პაქსაძის ხმები.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ 9 ჟურნალისტი დავობს. ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით გამოძიების დაწყების მიზნით, მათ ასევე, პროკურატურასაც მიმართეს, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

აჭარის ტელევიზიაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს საგანგაშოდ აფასებს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიზნით, გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია. ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს ადგილობრივი ოპოზიცია.

აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების შევიწროვების არასრული ქრონიკა ნახეთ აქ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button