მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

30 მილიონამდე ლარი 300 მიკროავტობუსის შესაძენად

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო კომპანია 29 819 040 ლარად 300 სამარშრუტო ტაქსის ყიდვას აპირებს.

შესაბამისი ტენდერი უკვე გამოქვეყნებულია, წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება, ხოლო 23 ივლისს დამთავრდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ყველა ავტობუსის გამოშვების თარიღი არაუადრეს 2020 წლისა უნდა იყოს, მათი ფერი კი, – “ლურჯი მეტალიკი”. 300-ვე ავტობუსში, არანაკლებ, 17 დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს, პლუს ერთი ადგილი მძღოლისთვის.

“შემოთავაზებული ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. სკამების ჩარჩოები დამზადებული უნდა იყოს მეტალის ან მსგავსი გამძლე მასალისაგან, რომელიც ხილვად (დაუცველ) ნაწილში შეღებილი იქნება შავად. დასაჯდომები და საზურგები დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, სტანდარტული დიზაინის და ფერის. მძღოლის სავარძელი უნდა იყოს არანაკლებ 4 (ოთხი) მიმართულებით მექანიკურად ან ავტომატურად რეგულირებადი.” – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გარდა ამისა, მანქანებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 2 უსაფრთხოების ბალიში (მძღოლის და წინა მგზავრის). ყველა სავარძელზე კი, დამონტაჟებული უნდა იყოს სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი. ამასთანავე, ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული კონდიცირება და გათბობა. ავტობუსის კონდიცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15 ̊C – +45 ̊C).

მსგავსი პოსტები

Back to top button