მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გორში ენმ-ს ოფისი დაარბიეს

ენმ-ს გორის ოფისი დაარბიეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.

უცნობი პირი, რომელსაც, თვითმხილველების თქმით, “ოცნების” მაისური ეცვა, ოფისში ქვებით შევარდა და ყველაფერი, მათ შორის, კომპიუტერები და მინები დაამსხვრია.

,,ქართულ ოცნებას” განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. შს სამინისტრომ გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

,,ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე გატეხეს ოფისი.” – აცხადებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. შენობის კარის გახსნისას, ენმ-ს წევრებს ავეჯი დამტვრეული დახვდათ, ხოლო იქვე ის ქვები ეყარა, რომლითაც ოფისი დაარბიეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გორში, პარტიის ოფისის დარბევის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ესაა ხელისუფლების მიერ წახალისებული ქმედება.

„დღეს, 09:30 საათზე, ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათ მიერ მოგზავნილმა ბოროტმოქმედებმა, მეოთხედ დაარბიეს გორში, ჩვენი პარტიის ოფისი. ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა. მეტიც, ოფისთან დანით შეიარაღებული პირი იდგა და ჩვენი პარტიისა და რეგიონალურ ოფისში მომუშავე ადამიანების მისამართით იმუქრებოდა. ამ ბარბაროსულ აქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. არც ერთი ადამიანი არ და ვერ გაბედავდა ოფისის დარბევას, ეს რომ პირდაპირ შეკვეთილი და წახალისებული არ იყოს ოცნების მხრიდან. ყველა ფაქტი, იქნება ეს თავდასხმა ოფისზე, ჩვენს წევრებზე თუ ლიდერებზე, სიცრუის და ცილისწამების ტალღა, რომელიც სახელისუფლებო საინფორმაციო წყაროებიდან მოდის, “ოცნების” მიერ წარმოებული ზიზღის კამპანიის ნაწილია. მათი მიზანია, გაანადგურონ მთავარი ოპოზიციური პარტია და ხელი შეუშალონ მოახლოებულ არჩევნებში. ეს ისტერიული ქმედებები ნათლად აჩენს, რომ ხელისუფლება განწირულია და მათ იციან, რა სავალალო მდგომარეობაში არიან. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, ნუ მისცემთ უფლებას ხელისუფლებას, წაგართვან ხმა და ხელი შეუშალონ, ჩვენი ქვეყანა ნორმალური, ცივილური დემოკრატიის განვითარების გზას დაუბრუნდეს.“ – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button