fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ისეთ ჩვენებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც არც წაგვიკითხავს”

74

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ბუნდოვანი დეტალები… ამ დრომდე გასაიდუმლოებულია იმ პირის ვინაობა, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აედევნა.

მოზარდის ახლობლების ინფორმაციით, მცხეთის პოლიციაში გამოკითხვის დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ერთ-ერთი დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მამის განცხადებით, სამართალდამცავები ითხოვდნენ ისეთი ჩვენების მიღებას, თითქოს დაკავებულმა დაინახა, როგორ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით. არასრულწლოვანს კი, გიორგი შაქარაშვილი, რეალურად, არც ერთი ეპიზოდის დროს არ უნახავს.

“ჩემმა შვილმა თქვა, რომ არ მინახავსო. ამაზე წამოარტყეს პოლიციელებმა, რას ქვიაო არ დაგინახავსო. იმ დონეზე ვიყავი აღშფოთებული, დაღუპულ ბავშვზე, რომ ვფიქრობდი, ჩემი შვილი თუ დასასჯელია პირველი ეს დაისაჯოს-თქო.” – განაცხადა დაკავებულის მამამ.

დაკავებული პირის მამა აცხადებს, რომ არასრულწლოვანს ჩვენება დღეს ხუთჯერ ჩამოართვეს.

“წამოვიდა მათი მხრიდან წნეხი. ეუბნებოდნენ, ესე დაწერე ჩვენება, რომ მალე მოვრჩეთ ყველაფერსო. მერე შემოარტყეს. დააწერინეს საბოლოოდ ჩვენება, რომელიც საერთოდ წაკითხული არ გვაქვს, ისე მოგვაწერინეს ხელი.”- განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

მოისმინეთ მამის ხმა.

 

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვნის პრეტენზიაზე, რომ მასზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ბრალდებულ არასრულწლოვანს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე გაესაუბრა. პროცესს ოჯახის წევრი და ფსიქოლოგი ესწრებოდნენ.

გამოძიება 333 და 335-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალაუფლების გადამეტებას და მოწმისგან სასურველი ჩვენების მიღებას გულისხმობს.

დაკავებულების ნაწილი მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის განთავსებული და ბრალის ოფიციალურ წარდგენას იქ ელოდება.

დაკავებული მორაგბეების უფლებადამცველი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

“იმედგაცრუებულები ვართ საგამოძიებო ორგანოების ამდაგვარი უკანონო ქმედებით, რომელიც არ გვაძლევს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას. არ გვაძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის პირდაპირი ვალდებულება აქვთ.”- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

მოისმინეთ ადვოკატების: ვასილ მამულაშვილის და არჩილ ბერიანიძის კომენტარები.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ თუ სახელმწიფო ბრალდება მათ ოფიციალურ მტკიცებულებებს და მასალებს თავის დროზე არ გადასცემს, შესაძლოა საქმეზე სიმართლე თავის დროზე არც კი გაირკვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ შორის, არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე; ასევე, თენგო ბარბაქაძე და საბა ჩხარტიშვილი; დაკავებულებს შორის არიან ირაკლი მუმლაძე და ვახო ჩიქოვანი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, მაშველებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი