fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გაღარიბებული Facebook-ი და Microsoft-ის დახურული მაღაზიები

109

მილიარდერი და Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ერთ დღეში $7,2 მილიარდით გაღარიბდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მსხვილმა კომპანიებმა Facebook-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს.

ამ ფონზე, 26 ივნისს კომპანიის აქციებზე ფასი 8,3%-ით დაეცა, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სარეკლამო კომპანია Unilever-მა განაცხადა, რომ 2020 წლის ბოლომდე Facebook-სა და Instagram-ზე თავის პროდუქციის რეკლამისთვის ფულს არ დახარჯავს.

Facebook-ზე რეკლამაზე უარი თქვეს მსოფლიოში ცნობილმა საკონდიტრო კომპანია Hershey-მ და ასევე სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსება შეაჩერა Coca-Cola-მ. მათი განცხადებით, აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, სოციალურმა ქსელმა სიძულვილის ენა სათანადოდ ვერ გააკონტროლა.

მარკ ცუკერბერგის ქონება, ჯამში, $82,3 მილიარდამდე შემცირდა. ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხეა.

ტექნოლოგიურმა კომპანია Microsoft-მა მთელ მსოფლიოში მაღაზიების დახურვის შესახებ განაცხადა. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ახლა კორპორაცია თავის პროდუქციას, მხოლოდ ონლაინ გაყიდის.

ამ დროისთვის კომპანიას აქვს 82 სავაჭრო წერტილი, საიდანაც 73 აშშ-ში მდებარეობს. დანარჩენი კი კანადაში, ბრიტანეთში, ავსტრალიასა და პუერტო-რიკოში. კომპანიის გადაწყვეტილებით არ დაიხურება Microsoft Experience Center-ები, რომლებიც ნიუ-იორკში, ლონდონში, სიდნეისა და რედმონდში მდებარეობს.

„ჩვენ მადლობას ვუხდით Microsoft-ის მაღაზიების მომხმარებელს და მოუთმენლად ველით, თუ როდის ისარგებლებენ ონლაინ სერვისით.” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი