“საზმაუს ბორდის წევრების შერჩევა დარღვევებით მიმდინარეობს”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა, მათივე განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს “ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა” უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, – არანაკლებ 9.
“შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე სულ 9 კანდიდატურა მონაწილეობდა, ხოლო გასაუბრებაზე 8 მათგანი გამოცხადდა. კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 8 პირის სია წარუდგინა.” — აღნიშნავენ TI-ში.
ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა.
პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი უნდა დაამტკიცოს. ეს ადგილები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ნინია კაკაბაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. შესაბამისად, წარდგენილი კანდიდატებიდან ერთი უმრავლესობამ, ხოლო ორი უმრავლესობის გარეთ მყოფმა პარლამენტის წევრებმა უნდა შეარჩიონ. მათ მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს.