fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა”

69
Share Button

8 მარტის შეთანხმებაში ჩართული ფასილიტატორი ელჩები საქართველოს პარლამენტს ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას ულოცავენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ ზოგიერთმა პარტიამ, 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

“გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება.

“ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

“ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

“8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

“დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას.” — ნათქვამია ელჩების განცხადებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს ასევე, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და ისიც წუხილს გამოთქვამს, რომ კენჭისყრის პროცესში ყველა მხარე არ მონაწილეობდა.

“ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს.” — წერ ფონ კრამონი ტვიტერზე.

ევროპარლამენტარი მოუწოდებს ყველა პარტიას, რომ ODIHR-ის რეკომენდაციები გაითვალისწინონ და მასთან სრულად თავსებადი საარჩევნო კოდექსი მიიღონ; ასევე უზრუნველყონ მშვიდობიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო; თავი შეიკავონ პოლარიზაციისა და ძალადობისკენ მიმართული ქმედებებისგან.

ხოლო მმართველ გუნდს მოუწოდებს, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსებითა და უსამართლო ფინანსური უპირატესობით არ ისარგებლოს.

დღეს, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი, საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი