fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

3 დღე სოცაგენტების გაფიცვამდე

63
Share Button

სამ დღეში 90-მდე სოციალური აგენტი გაიფიცება. შესაბამისი განცხადება მათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უკვე შეიტანეს.

სოცაგენტები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მათ მოუსმინოს და მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. მოთხოვნებს შორის არის 80-ლარიანი ფიქსირებული ხელფასის გაზრდა, ერთთვიანი ხელშეკრულების უვადოდ შეცვლა და ტრანსპორტისთვის ცალკე თანხის გამოყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით 250 სოცაგენტიდან, 90 მუშაობას შეწყვეტს.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სოცაგენტების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემდგომ შეხვედრებზე კი, პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლი აღარ დაიშვება და მოლაპარაკებები მხოლოდ სოცაგენტებსა და სამინისტროს შორის გაიმართება. სოცაგენტებისთვის ეს მიუღებელია.

„ღია საზოგადოების ფონდი“ სოციალური აგენტების დაანონსებულ გაფიცვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხარს უჭერს მას.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ფონდი წერს, რომ სოციალური აგენტების მიერ უმძიმეს შრომით პირობებზე გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია.

„ფიქსირებული ხელფასის (80 ლარი) საარსებო მინიმუმთან შეუსაბამობა, ერთ თვიანი შრომითი ხელშეკრულებები, სატრანსპორტო ხარჯების აუნაზღაურებლობა და სხვა საკითხები, საპროტესტო განწყობების შექმნამდე, ვერ გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყურადღების საგანი; სამინისტროს მხრიდან დასახელებული ტექნიკური მიზეზების გამო, დავის მოსაგვარებლად ამ დრომდე არ არის დანიშნული მედიატორი;

“ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მინისტრის მოადგილის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისთვის არავის მიუმართავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით, ასევე ის ფაქტი, რომ ცალკეულ სოციალურ აგენტებთან, დახურულ კარს მიღმა და პროფკავშირის ჩართულობის გარეშე შედგა შეხვედრა, რომლის შინაარსი, სოციალური აგენტების უმრავლესობისთვის, ცნობილი არ არის.“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ფონდისვე თქმით, სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა, „პირველ რიგში აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე. სოციალური აგენტების გაფიცვა დააზარალებს, ქვეყანაში არსებულ ისედაც ყველაზე დაზარალებულ ადამიანთა ჯგუფს“.

„ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითია, სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე, სამედიაციო პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი და უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება.” – წერია განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი