fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მოგზაურობა და დროსტარება, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე

97
Share Button

ფლანგვის დეტექტორმა პარლამენტის მიერ 2020 წელს სარესტორნო მომსახურებასა და მივლინებებში დახარჯული თანხები დათვალა. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებასა და ქვეყნის გარეთ მივლინებებში უკვე 593 304 ლარი დახარჯა.

2020 წელს, პირველი სამი თვის განმავლობაში, პარლამენტმა 12-ჯერ განახორციელა სარესტორნო მომსახურების შესყიდვა. დადებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 189 201 ლარი შეადგინა. სარესტორნო მომსახურების გარდა, პარლამენტმა, სასტუმრო მომსახურების შესყიდვის მიზნით, 6 ხელშეკრულება გააფორმა, რაც ჯამში 85 000 ლარი დაუჯდა. ყველაზე დიდი თანხები კი, ქვეყნის გარეთ პარლამენტის წევრთა მივლინებებში დაიხარჯა: ჯამში, – 319 103 ლარი.

პარლამენტში, 2020 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, 91 მივლინება განხორციელდა. ყველაზე ძვირადღირებული მივლინებების სიაში მოხვდნენ: არჩილ თალაკვაძის მივლინება აშშ-ში – 14 991 ლარი, სოფიო კილაძის მივლინება აშშ-ში – 13 664 ლარი, ირაკლი ბერაიას მივლინება აშშ-ში – 10 420 ლარი. 2020 წლის მივლინებების სიაში მოხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი მდუმარე დეპუტატებიც, რომლებსაც 2018 წელს ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი და არ უსარგებლიათ ხმის უფლებით. მათ მივლინებებზე ბიუჯეტიდან 11 417 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სარესტორნო მომსახურებას, ამ მხრივ, ძირითად შემთხვევაში, პარლამენტარების არჩევანი ცნობილ და ძვირადღირებულ რესტორნებზე კეთდება. მაგალითად, 32 701 ლარიანი ხელშეკრულება იქნა გაფორმებული რესტორან შპს “ჯი ემ თი მთაწმინდასთან”, შპს “წისქვილის ჯგუფი” – 20 000 ლარი, შპს “კოპალა” – 30 000 ლარი, შპს “ქეთო და კოტე” – 5 000 ლარი. სასტუმროს მომსახურებაში კი, ყველაზე დიდი თანხა შპს “ჯი ემ თი”-ს და შპს “დაბი გრუპ ჯორჯიას” გადაუხადეს, თითოეულს – 25 000 ლარი.

2019 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 19,5% ანუ თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, რომ ამ ადამიანებს, აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 262 ადამიანის ყოველთვიური საარსებო შემწეობის ურუნველსაყოფად.

“ფლანგვის დეტექტორი” აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების 3 თვის მივლინებებში, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში უფრო მეტი დაიხარჯა, ვიდრე მთელი წლის მანძილზე ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება უმაღლესი განათლების ხელშეწყობაზე, მეცნიერების პოპულარიზაციაზე, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებსა თუ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებებზე.

წყარო:

2020 შესყიდვები – https://bit.ly/2ABtd0K
2020 მივლინებები – https://bit.ly/3fuF8vY
TI ანგარიში – https://bit.ly/3d52wOV
სიღარიბის მაჩვენებელი – https://bit.ly/3frq8im
ბიუჯეტი – https://mof.ge/5261

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი