fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

217

მედიით გასაჯაროებული ვიდეოკადრების კვალდაკვალ, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები ვლინდება.

19 ივნისის ღამეს, ცენტრალური გზის ახლოს მდებარე სამრეცხაოს ტერიტორიაზე, ჩნდება “მერსედესის” მარკის ავტომობილი, რასაც პირველი დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შემდგომ, კადრებში ფიქსირდება, რომ ტერიტორიაზე მყოფი პირები გარბიან შემთხვევის ადგილიდან. მათ შორისაა დიჯეი კოკო, რომელიც გადარბის გზის შუა ნაწილზე, აჩერებს ტაქსს და თბილისის მიმართულებით იღებს გეზს. ხოლო “მერსედესი”, რამდენიმე წუთის შემდეგ, ტერიტორიას ტოვებს.

დაახლოებით 6 წუთში, ადგილზე მოდის “ტოიოტა ქამრი”, საიდან გადმოსული პირებიც, ხელმეორედ ესხმიან თავს ადგილზე მყოფ ბიჭებს. თავდასხმის შემდეგ, ბიჭები ავტობანიდან იფანტებიან.

შენობა, რომელსაც დაპირისპირების შემდეგ ფოტოგრაფმა თავი შეაფარა, ავტოსამრეცხაოსთან ახლოსაა. სწორედ იქიდან ადევნებდა თვალს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე განვითარებულ მოვლენებს.

რაც შეეხებათ გურამ ამირხანაშვილსა და გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, ისინი დაპირისპირების შემდეგ ჩირგვებისკენ გაიქცნენ, რათა საფრთხეს გარიდებოდნენ.

საქმეში დაშავებული გიორგი ქათამაძეც ფიგურირებს, რომელმაც მომხდარის შემდეგ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს მიმართა და ამტკიცებდა, რომ დაზიანებები ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ საქმის მე-4 ტომში დევს გამომძიებლის თანაშემწის პატაკი ფოტოგრაფთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ფოტოგრაფს ჰქონოდა მომხდარის ფოტო და ვიდეო მასალა. უცნობია, რეალურად ამოიღეს თუ არა აღნიშნული მასალები.

“კურიერის” ინფორმაციით კი, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატიდან დაახლოებით 6 ფაილია ამოღებული. მათ შორის, როგორც წვეულების დროს გადაღებული ფოტომასალა, ასევე გიორგი შაქარაშვილის უკანასკნელი გზა.

იაკობ ბრეგვაძე მომხდარიდან მალევე დაუკავშირდა სამართალდამცველებს, რომლებიც ადგილზე “შკოდას” მარკის ავტომობილით მივიდნენ და ფოტოგრაფი თბილისის მიმართულებით ისე წაიყვანეს, რომ დეტალები არ დაუზუსტებიათ.

დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, – არიან თუ არა იდენტიფიცირებულები და გამოკითხულები პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც ფოტოგრაფი თბილისში წაიყვანეს.

გასაჯაროვდა თენგო ბარბაქაძისა და არასრულწლოვნის ჩვენებები, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამით მომხდარ კონფლიქტს ასახავს.

თენგო ბარბაქაძის ჩვენება:

“23:30 საათი მე ვიყავი გასული უკანა მხარეს აივანზე სადაც ვეწეოდი სიგარეტს, რა დროსაც ეზოს წინა მხრიდან შემომესმა ანას ყვირილის ხმა, რაზედაც მე გამოვედი ეზოში. სანამ ეზოში გამოვიდოდი მე გამოვიარე ის ოთახი, სადაც ჩვენ ვქეიფობდით და დავინახე, რომ იქ ისხდნენ გიორგი შაქარაშვილი და კიდევ რომელიღაცა მისი მეგობარი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო და, ასევე, იყვნენ ანას მეგობარი გოგონები. მე რომ გამოვედი გარეთ, ეზოში დავინახე, რომ ჩემი მეგობრები ნიკა ხეჩოშვილი და ვახო ჩიქოვანი შუაში ყავდათ მომწყვდეული საბა ჩხარტიშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ირაკლი წაქაძეს და ზურაბ გოგინაშვილს, რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნიკა ხეჩოშვილს და ვახო ჩიქოვანს და ურტყამდნენ კრამიტებს.” – ნათქვამია ჩვენებაში.

არასრულწლოვნის ჩვენება:

“მე და ლაშა შერმადინმა კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები, ვინაიდან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და გაგვერკვია მანამდე მომხდარი შეხლა-შემოხლის ამბავი. ამავდროულად, ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლაშა შერმადინთან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან, ჩემი აზრით, იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლაშას ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. ამ დროს დარეკა ლაშამ, კონკრეტულად თუ ვისთან, არ მახსოვს და უთხრა, რომ მოსულიყვნენ ქალაქ თბილისის მიმართულებით მდინარე არაგვის ხიდთან, რის შემდეგაც მალევე გაჩერდა ჩემი მეგობრის გიგა ტატიაშვილის მოვერცხლისფრო ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა მათ წინ.

“… დავარტყი ერთხელ მეც რომელიღაცას ფეხი, კონკრეტულად არ მახსოვს თუ ვის, ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით ყველანი, გარდა გიგა ტატიაშვილისა.” – ნათქვამია ჩვენებაში.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი