Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახალი საეჭვო გარემოებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

296

10 დაზიანება სხეულზე

 

ახალი გარემოება გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში: ირკვევა, რომ 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის, მოტეხილობები.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოები 22 ივნისით არის დათარიღებული. ფაილი 60-ფოტოს მოიცავს. ფოტომასალებიდან ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.

სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.

საქმის მასალების და გავრცელებული ვიდეო მასალების გაშიფვრის შემდეგ, “მთავარმა არხმა” მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინა.

კადრებიდან და საქმის მასალიდან ირკვევა, რომ ყველა დაზარალებულს დაზიანებები მარჯვენა მხარეს, სახის არეში აქვს მიყენებული. მოძალადე, რომელიც ყველაზე მეტს აქტიურობდა, ცაციაა.

გიორგი შაქარაშვილის სხეულს დაზიანებები მდინარეში მოხვედრამდე აქვს მიღებული თუ მას შემდეგ, ამას პასუხს ექსპერტები გასცემენ.

11-12 ტომში განთავსებულ ფოტოებში არის იმ რკინის მილის ფოტო, რომელსაც ნიკა ჟვანია ფლობდა და ამას ის ჩვენებაშიც ამბობს. ნივთმტკიცებულებებს შორის არის ასევე, კრამიტები.

საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა ის ერთ-ერთი არასრულწლოვანი უნდა ამოიცნოს, რომელიც “ტოიოტას” მარკის ავტომობილში იჯდა.

 

“ადგილზე მესამე მანქანა მივიდა და კვალის დაფარვას ეცადა”

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული „მერსედესის“ მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე აცხადებს, რომ დანაშაულის მონაწილეებს დაეხმარნენ და შემთხვევის ადგილზე, რეალურად, მესამე ავტომანქანაც მივიდა, რომელიც კვალის დაფარვას შეეცადა.

ადვოკატმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ჩანთაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩანთა ადგილზე განზრახაა დადებული.

„ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად, იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ცალსახად, ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული, სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ჩემი შეხედულებით ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან, ვინც ზოგადად დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, კვალი დაეფარათ, მაგრამ მე აქ იმ კუთხით არ ვგულისხმობ, რომ ესენი იყვნენ დავუშვათ, სამართალდამცავები, ან ვინმე მსგავსი. მე ამ ეტაპზე ამას საერთოდ გამოვრიცხავ. ცალსახად, ჩანთის დადების ნაწილთანაც ვაკავშირებ ამ კვალის დაფარვას, რადგან თუ ეს ჩანთა ზოგადად დადებულია და მე ვფიქრობ, რომ დადებულია, ეს აშკარად არის გაკეთებული უნიჭოდ, რადგან ჩვენ თუ ვამჩნევთ იმას, რომ ეს კითხვის ნიშნები არის, შესაბამისად, აშკარად არაპროფესიონალის ნამუშევარია ეს, თუ მართლა ნამუშევარია.” – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ “მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

საეჭვო ჩვენებები, წაშლილი ვიდეოჩანაწერები, გადამწვარი ადგილები

 

ახალი კითხვები გააჩინა სატელეფონი ამონაწერებმა, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, სატელეფონო ანძების ჩანაწერებს საერთოდ არ ემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ შაქარაშვილის მეგობრებმა, სავარაუდოდ, ცრუ ჩვენებები მისცეს.

საქმის ერთ-ერთი მოწმე ჩვენებაში აცხადებს, რომ მან შემთხვევის ადგილი დაახლოებით პირველ საათზე დატოვა, თუმცა სატელეფონო ანძის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მან ამ ტერიტორიიდან ბოლო სატელეფონო ზარი დაახლოებით, 2 სთ-ზე განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებამ თბილისის მერიას ე.წ. ჭკვიანი კამერების ამონაწერის მოთხოვნით მიმართა, რომელიც თბილისის შემოსასვლელშია, რაზეც მერიამ უარი განაცხდა, რადგან, როგორც ამბობენ, ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა და ჩანაწერები აღარ არსებობს.

დამატებით კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ის ადგილი, სადაც გურამ ამირხანაშვილი იმ ღამით იმალებოდა, გადამწვარია.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადგილზე მტკიცებულებები განადგურდა და ბრალდებულებს ხელს აფარებენ?! ახლა შაქარაშვილის საქმეში მთავარი კითხვა სწორედ ეს არის.

 

“მან ზოგადად ახსენა ჩხუბი”

 

პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში წაიყვანეს, დაიკითხნენ.

ვალერი ჯიქურაშვილის და გიორგი ზარიაშვილის ჩვენებებიდან დასტურდება, რომ სამართალდამცველებმა მომხდარი დაპირისპირების შესახებ იცოდნენ, თუმცა ჩხუბის დეტალების გარკვევა არ დაუწყიათ.

ჩვენებებიდან დგინდება, რომ პოლიციაში შეტყობინება 1 საათზე შევიდა და ოცეულის მეთაურმა ადგილზე ეს ორი ადამიანი გაუშვა.

პატრულ-ინსპექტორების თქმით, მათ იაკობ ბრეგვაძესთან დამატებითი კითხვები არ გასჩენიათ და ადგილი არ დაუთვალიერებიათ, იყო თუ არა ჩხუბი ისევ. მათი თქმით, ბრეგვაძემ მათთან ზოგადად ჩხუბზე ისაუბრა და რომელიმე პიროვნებამ სხვა პიროვნებას ხელი ან სხვა რაიმე დაარტყა თუ არა, არ უხსენებია, რადგან არ დაუნახავს.

“ჩვენ შევუჩერეთ ავტომანქანა, ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რაიმე სახის ინფორმაციას. მან განაცხადა, რომ იყო იაკობ ბრეგვაძე. განმარტა, რომ მოდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით, ე.წ. ავტოსტოპით.

“მან ასევე გვითხრა, რომ მისგან მოშორებით შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომანქანამ, სავარაუდოდ “მერსედესმა”… ავტომანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და ფეხით მიმავლებს დაუწყეს გინება. მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რაზეც ის გაიქცა და იქ თუკი რამე კიდევ მოხდა, აღარ დაუნახავს. მან ზოგადად ახსენა ჩხუბი, თუმცა რომელიმე პიროვნებამ სხვა პიროვნებას ხელი ან სხვა რაიმე დაარტყა თუ არა, მისი გადმოცემით, არ დაუნახავს და შეხლა-შემოხლის და გინებისთანავე, გაიქცა ადგილიდან.” – ნათქვამია პატრულ-ინპექტორის ჩვენებაში.

 

პოლიციელები შემთხვევიდან მე-15 დღეს დაიკითხნენ

 

ყოფილი სამართალდამცავი და სამოქალაქო აქტივისტი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანსა და შაქარაშვილის საქმეს შორის არსებულ ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს.

ზვიად კუპრავას თქმით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ გამოძიების მიერ პოლიციელები შემთხვევიდან მე-15 დღეს დაიკითხნენ, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის “გვარი აფეთქდა”.

“1. პოლიციელები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ, გამოძიების მიერ იკითხებიან 15-ე დღეს.. მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება. დაკითხვისას პოლიციელები ამბობენ, რომ გზაში ბრეგვაძე მათ ფოტოების ხარისხზე და პეპლებზე ესაუბრა და თურმე არ იყო აღელვებული, რომელიც პოლიციის მისვლამდე ბუჩქებში იმალებოდა..2. თურმე, არსებობს ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და საქმეს შორის? არსებობს!3. უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე? უნდა შეუჩერდეს!აბა, სხვას არც მე არ ვამბობ არაფერს.” – წერს ზვიად კუპრავა.

1. პოლიციელები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ, გამოძიების მიერ იკითხებიან 15-ე დღეს.. მას შემდეგ, რაც…

Geplaatst door Zviad Kuprava op Zondag 5 juli 2020

შეგახსენებთ, გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და დაკავებულია 17 პირი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი