მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას ყინავს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შემდეგ ნაბიჯებს, რათა:

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;

2. ებრძოლოს კორუფციას;

3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. თანხა საქართველოს ორი წლის განმავლობაში უნდა მიეღო.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ სანქციების გატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადებას „ქართული ოცნების“ მმართველობით ხსნის.

ვაშაძის განცხადებით, საქართველოს აშშ-დან დახმარება 15%-ით შეუმცირდება, რაც „საშინელი განაჩენია“.

„დღეს გამთენიისას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15%-ით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება. ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს. სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა, სასამართლო, არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით, ზედა ეშელონებში და მესამე, – ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი, – ეს არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას საქართველოში, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაში. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. მე ვაპირებ, რომ ბოლომდე შევებრძოლო რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში.” – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button